"აქ არ გავაკეთებთ ახალ ამბებს, რომელიც იქნება პროსახელისუფლებო"

"რუსთავი 2"–ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, შეიცვლება თუ არა არხის მფლობელი, ტელეკომპანიის გუნდი სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

"აქ გაკეთდება ახალი ამბები, რომელიც ეხება ხალხს. აქ არ გავაკეთებთ ახალ ამბებს, რომელიც იქნება პროსახელისუფლებო. აქ იქნება კრიტიკა",– განაცხადა მელაძემ "პირველის" ეთერში.  

მისივე თქმით, თავად ის ფაქტი, რომ ხალვაში გეგმავს არხის გაყიდვას, მოულოდნელი არ ყოფილა. 

"რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას სძენს მთელს იმ პროცესს, რომელიც "რუსთავი 2"–ის გარშემო მიმდინარეობს, თუმცა მოულოდნელი არ იყო: ადვილადსავარაუდო იყო, რომ ქიბარ ხალვაშის ხელში არ დატოვებდნენ "რუსთავი 2"–ს და მოხდებოდა მისი სხვა პირზე გადაცემა, ან ხალვაშის ხელში დარჩებოდა და მოხდებოდა სხვა ადამიანზე მართვის სავავეების გადაცემა. ჩვენც ამ განცხადებით გავიგეთ, რომ ქიბარ ხალვაში ყიდის "რუსთავი 2"–ს და ველოდებით მოვლენების განვითარებას. ქვეყანაში ბევრი ადამიანი არ არის, რომ იყიდოს რუსთავი 2"... ერთკვირიანი ვადა ბადებს ეჭვს, რომ "რუსთავი 2"–ის ახალი მფლობელის შესახებ უკვე ყველაფერი ნათელია და იციან ადამიანი, ვისზეც გადაფორმდება არხი, ან სამომავლო გეგმაა გაწერილი, თუ რა უნდა უქნან "რუსთავი 2"–ს",– განაცხადა ნოდარ მელაძემ და დასძინა, რომ "ძალიან ცოტაა ისეთი ბიზნესმენი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ენდობა". 

ცნობისთვის: ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის წილის 100%–ის მფლობელი ქიბარ ხალავაში, რომელიც ჯერ კიდევ 2 კვირის წინ ირწმუნებოდა, რომ "რუსთავი 2"-ის გაყიდვას არ აპირებდა, დღეს აცხადებს, რომ გადაწვიტა, გაყიდოს ტელეკომპანია. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ონლაინ-გამოცემას აფუძნებს