"ქართული ოცნების" დეპუტატი: "თუ ადამიანი ამბობს, "გარკვეულ პიროვნებებს არ მივყიდიო", ე.ი. საქმე მხოლოდ ბიზნესს არ ეხება და მასში პოლიტიკაცაა"

მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი კახა ოქრიაშვილი სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"–ის დაანონსებული გაყიდვის საქმეში მხოლოდ ბიზნესინტერესებს არ ხედავს.  

დეპუტატი პოზიტიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ ტელეკომპანია ელექტრონული აუქციონის წესით გაიყიდება, თუმცა ამბობს, რომ ერთკვირიანი ვადა ძალიან მოკლე დროა. 

"ძალიან რთულია კომენტარის გაკეთება, რთული საქმეა, სულ რაღაც დავებია. ვფიქრობ, ერთვიანი დედლაინი რომ გაეკეთებინა, შეიძლება მეტი მყიდველიც გამოჩნდეს. შეიძლება, რომელიღაც უცხოელს უნდოდეს ყიდვა და ვერც კი გაიგოს ამ შუა ზაფხულში, რომ იყიდება. თუ უნდა, რომ მაქსიმალური თანხა მიიღოს, ერთი კვირა კი არა, მინმუმ ერთი ან სამი თვე უნდა ყოფილიყო. თუ ადამიანს უნდა რომ მაქსიმალურად მეტ ფასად გაყიდოს, მასიმალურად მეტ მყიდველს უნდა გააგებინოს ეს ამბავი, ამ მოკლე დროში კი ეს შესაძლოა, ვერ მოხერხდეს. მეტს ვერაფერს ვიტყვი. მისია და როგორც მოუნდება, ისე მოიქცევა". 

რაც შეეხება ბიზნეს–გარიგების პოლიტიკურ ნაწილს, ოქრიაშვილი ქიბარ ხალვაშის მიერ წამოყენებულ პირობებს ასახელებს:  

"როდესაც ადამიანი ამბობს, რომ "გარკვეულ პიროვნებებს არ მივყიდიო", ესე იგი, აქ მხოლოდ ბიზნესს არ ეხება საქმე, პოლიტკაცაა. იქნებ სწორედ ის გარკვეული პიროვნება იხდის ყველაზე მეტ თანხას. ამ ადამიანს თან უნდა, ძვირად გაყიდოს, თან კონკრეტულ პოლიტიკოსებს არ მიჰყიდოს, ანუ მხოლოდ ფულს არ ეხება საქმე. მხოლოდ ფულს რომ ეხებოდეს, მაშინ უნდა გაყიდო და ვისაც უნდა, იმან იყიდოს". 

კითხვაზე, ვინ ეგულება მას საქართველოში ისეთი ბიზნესმენი, რომელიც მსგავს აქტივს შეიძენს, დეპუტატი პასუხობს: 

"მე მაქვს საშუალება, ვიყიდო, მაგრამ არ ვიყიდი, რადგან მედია, როგორც ბიზნესი არ მაინტერესებს. შეიძლება, პოლიტიკურად ვინმეს აწყობს და იყიდოს, ვერ გეტყვით. ზოგადად კი ვფიქრობ, რომ სადღეისოდ "რუსთავი 2"–ის მნიშვნელობა, მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანის თვალსაზრისით ისეთი მაღალი აღარაა, როგორც ვთქვათ, 10 წლის წინ იყო. პირადად მე ტელევიზიას არ ვუყურებ. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის დღეს ინფორმაციის წყარო ინტერნეტია".

ცნობისთვის: ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის წილის 100%–ის მფლობელი ქიბარ ხალავაში, რომელიც ჯერ კიდევ 2 კვირის წინ ირწმუნებოდა, რომ "რუსთავი 2"-ის გაყიდვას არ აპირებდა, დღეს აცხადებს, რომ გადაწვიტა, გაყიდოს ტელეკომპანია. ამასთან, როგორც ხალვაში აცხადებს, მოლაპარაკებებს არ აწარმოებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მასთან დაკავშირებულ პირებთან, ხოლო არხს მიჰყიდის მას, ვინც მეტ თანხას გადაიხდის.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას ქალიშვილთან ერთად დაესწრო