"რუსთავი 2"–ის დამფუძნებლები: "განწირულია ივანიშვილის სურვილი"

„ოცნების“ ხელისუფლება მისი წინამორბედის გზას დაადგა. ის ცდილობს გადაყიდვების გზით კვალის არევას და ჩვენთვის სამართლებლივი ბრძოლის გართულებას, - ასე ეხმაურებიან „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი „რუსთავი 2“-ის გაყიდვის შესახებ ინფორმაციას.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, „რუსთავი 2”-ისთვის ბრძოლა გრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ტელეარხი დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს.

„ოცნების ხელისუფლება მისი წინამორბედის გზას დაადგა. ის ცდილობს გადაყიდვების გზით კვალის არევას და ჩვენთვის სამართლებლივი ბრძოლის გართულებას. დაპირებული სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, მან მიზნად დაისახა „რუსთავი 2-ის“ ივანიშვილთან დაახლოებულ, მისთვის უფრო საიმედო მფლობელისთვის გადაცემა. ეს უკვე ნაცნობი სცენარია, დღევანდელი ხელისუფლება ამ ტაქტიკაში ორიგინალური არ არის.

გვინდა გავაფრთხილოთ „კონკურსში“ მონაწილეობის პოტენციური მსურველები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ისინი ვერ გახდებიან კეთილსინდისიერი შემძენები. ეს ტელევიზია უკანონოდ წაართვეს მის დამფუძნებლებს, რომლებიც მის დასაბრუნებლად იბრძვიან. ეს დადასტურებულია მთავარი პროკურატურის მიერ, სადაც 2012 წლიდან ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და რომელმაც 2015 წელს დაზარალებულად გვცნო. გამოძიება კვლავ გრძელდება.

როგორც ვერ უშველა გადაყიდვების გზით სამართლებლივი კვალის აბნევის მცდელობამ წინა ხელისუფლებას, ასევე განწირულია ივანიშვილის სურვილი, კანონიერების ელფერი შესძინოს „რუსთავი 2-ის“ ჯიბეში ჩადებას და გაართულოს ჩვენი სამართლიანი ბრძოლა.

ქვეყნისთვის ტრაგიკულია, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაითავისა ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისა და საზოგადოების არსებობისთვის.

„რუსთავი 2”-ისთვის ბრძოლა გრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ტელეარხი დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეასრულოს დამოუკიდებელი, კრიტიკული და მიუკერძოებელი მედიასაშუალების ფუნქცია“ , - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ონლაინ-გამოცემას აფუძნებს