"რომელი პარტიები ისაუბრებენ კოალიციურ გაერთიანებაზე, არჩევნებზეა დამოკიდებული"

შემოდგომაზე ცნობილი გახდება, თუ როგორ მოხდება მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

კითხვაზე, ვისთან შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ კოალიცია ჩამოაყალიბოს, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ „მმართველმა გუნდმა დემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო და შეცვალა საარჩევნო მოდელი“. მისივე თქმით, პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე, სადაც ნულოვანი ბარიერია, მთავრობის დაკომპლექტება გამარჯვებულმა პარტიამ შესაძლოა, კოალიციური გაერთიანების გარეშეც მოახერხოს.

„ჩვენ გვაქვს კოალიციური მართვის გამოცდილებაც, გვაქვს მყარი უმრავლესობით მართვის გამოცდილებაც. რასაც გადაწყვეტს ქართველი ხალხი და ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენ პატივს ვცემთ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. რაც შეეხება კოალიციას, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო დემოკრატიული გადაწყვეტილება, 2017-2018 წლებში, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ საკონსტიტუციო რეფორმა და ჩავდეთ ამ რეფორმაში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება და წელს უკვე საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების გულწრფელი მოთხოვნის შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით და 2024 წლიდან ეს არჩევნები გადმოვიტანეთ 2020 წელს. შესაბამისად, პროპორციული მოდელი ნულოვანი ბარიერით გულისხმობს თავისთავად იმის ალბათობას, რომ რომელიმე პარტია შესაძლოა მიიღებს საკმარის უმრავლესობას მთავრობის დასაკომპლექტებლად ან შესაძლოა საჭირო გახდეს პარტიებს შორის კოალიციური შეთანხმება. თუ, რომელი პარტიები დასხდებიან ერთმანეთთან სასაუბროდ კოალიციურ გაერთიანებაზე, ეს არის დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე.

შემოდგომაზე ცნობილი გახდება, თუ როგორ მოხდება ჩვენი საპარლამენტო გუნდის დაკომპლექტება. ასევე ვმუშაობთ პოლიტიკურ პროგრამაზე, რომელიც იქნება ინოვაციური და ძალიან პოზიტიურ დღის წესრიგზე აგებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp