პუტინის უპერსპექტივო კაპრიზს რუსეთის ბირთვული ცენტრის ელიტა ემსხვერპლა

ის, რაც 8 აგვისტოს რუსეთის არხანგელსკის ოლქში აფეთქდა, იყო ფრთოსანი რაკეტა ბირთვული ენერგეტიკული დანადგარით „ბურევესტნიკი“, რომელსაც NATO  Skyfall–ად კლასიფიცირებს, – ამის შესახებ აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ პირად გვერდზე წერს.    

"აშშ ბევრს სწავლობს რუსეთში რაკეტის აფეთქების მაგალითზე. ჩვენ მსგავსი, თუმცა უფრო მოწინავე ტექნოლოგიები გაგვაჩნია. რუსული Skyfall–ის აფეთქებამ აიძულა ადამიანები, შეშფოთებულიყვნენ გარემოს დაბინძურებით როგორც გამოცდების რაიონში, ისე მისგან საკმაოდ შორს. ძალიან ცუდია!“, – წერს ტრამპი.

მანამდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 8 აგვისტოს არხანგელსკის ოლქში სწორედ „ბურევესტნიკს“ ცდიდნენ, The New York Times-მა აშშ–ის სამხედრო უწყებაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. ამის შესახებ განაცხადა ბირთვული იარაღის ამერიკელმა ექსპერტმა ჯეფრი ლუისმაც:

„ხომალდების ავტომატური იდენტიფიცირების სისტემამ (AIS) თეთრ ზღვაში ტანკერი „სერებრიანკა“ დააფიქსირა, რომელიც ბირთვული მასალების აწყობისთვისაა გამიზნული. იგი აღნიშნულ რაიონში ერთი მიზნით გამოჩნდა – ოკენური ფსკერიდან იქ ჩავარდნილი „ბურევესტნიკის“ ამოსატანად“.

გამოცემა „The Diplomat“–ის მონაცემებით, 2018 წელს სწორედ “სერებრიანკამ“ ამოიტანა ზღვის ფსკერიდან ერთ–ერთი წარუმატებელი ცდის შემდეგ ჩავარდნილი „ბურევესტნიკი“.

ამასთან, ამერიკული მედიის ცნობით, ცდების დაწყებიდან გასული სამი წლის განმავლობაში ზემოაღნიშნული რაკეტის 13 ტესტიდან 12 კრახით დასრულდა.

პუტინმა „ბურევესტნიკი“ 2018 წლის მარტში "წარმოადგინა"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2018 წლის მარტში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას ირწმუნებოდა, რომ ბირთული დანადგარის მქონე ახალი რაკეტების გამოცდები წარმატებით დასრულდა და რომ ეს იყო "განუსაზღვრელი სიშორის რაკეტა, რომელსაც სადღეისოდ  მსოფლიოში არსებული ვერც ერთი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ვერაფერს დააკლებს". რუსეთში მას 9M730 “ბურევესტნიკს” უწოდებენ, ხოლო NATO მას SSG –X-9 Skyfall–ად იხსენიებს.

როგორც თავად რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ ექსპერტების ნაწილი ბირთვული დანადგარის მქონე რაკეტას უპერსპექტივო პროექტად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მასზე ჯერ კიდევ 1950–იან წლებში უარი თქვეს, როგორც აშშ–მა, ისე სსრკ–მა: მათი აზრით, მსგავსი რაკეტა არა მარტო უკიდურესად საშიშია გარემოსთვის ძრავის მიერ „რადიაციული შლეიფის“ დატოვების გამო, არამედ უმარტივესად მოწყვლადია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების საშუალებების წინაშე, ვინაიდან გამოფრქვევა მას რადარებისთვის ძალიან კარგად შესამჩნევს ხდის. 

„ბირთვული ბატარეა“:  რას ჰყვებიან რუსი მეცნიერები თეთრ ზღვაში ახალი იარაღის გამოცდაზე

საროვის ბირთვული ცენტრის თანამშრომლები გასულ კვირას არხაგენსკის ოლქში „ახალი სპეცნაკეთობის“ გამოცდის დროს დაიღუპნენ, – განაცხადა „როსატომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი ლიხაჩოვმა. მან ახალ სახეობებზე მუშაობის დასრულების პირობა დადო, თუმცა აღჭურვილობის სახეობა არ დაუკონკრეტებია.

ბირთული ცენტრის დირექტორ ვალენტინ კოსტიუკის განცხადებით, ახალი იარაღის გამოცდისთვის მზადება მთელი წლის განმავლობაში მიდიოდა.

თავის მხრივ, ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ სოლოვიოვმა აღნიშნა, რომ რუსი ინჟინრები მუშაობენ „ენერგიის მცირეგაბარიტული წყროების შექმნაზე რადიოაქტიური შლადი მასალების გამოყენებით“. „ეს არის ბირთვული ბატარეა. გასულ წელს ამერიკელმა კოლეგებმა თითქოს გამოსცადეს ანალოგიური მოწყობილობა – მცირეგაბარიტული ბირთვული რეაქტორი, რომლის სიმძლავრე რამდენიმე კილოვატს შეადგენს“, – აღნიშნა მან. 

ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია აფეთქების შედეგების შესახებ

8 აგვისტოს სევეროდვინსკის მიდამოებში, სოფელ ნიონოკსის სიახლოვეს მდებარე პოლიგონზე მომხდარი აფეთქების შედეგად „როსატომის“ 5 თანამშრომელი დაიღუპა და, სულ მცირე, 15 დაშავდა. 

არხანგელსკის ოლქის ადგილობრივმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ აფეთქების შემდეგ ხელსაწყოებმა რადიაციის დონის "20–ჯერ მატება" დააფიქსირეს, თუმცა მოგვიანებით იგი ნორმას დაუბრუნდა".  

ახლომდებარე სევეროდვინსკის ადმინისტრაციამ აფეთქების შემდეგ ასევე გაავრცელა ინფორმაცია რადიაციის დონის მატების შესახებ, თუმცა მეორე დღეს მისი ოფიციალური საიტიდან ეს ინფორმაცია გაქრა.

რუსეთის ბირთვული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე ჩერნიშოვმა დაადასტურა ინფორმაცია კატასტროფის ადგილიდან 30 კმ–ში მდებარე ქალაქ სევეროდვინსკში ხანმოკლე რადიოაქტიური რყევის შესახებ და მომხდარს „არაპროგნოზირებადი სცენარი“ უწოდა. „დაფიქსირდა მაჩვენებლების გაორმაგება, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა, თუმცა ამ დროისთვის ყველაფერი ნორმაშია, არანაირი ნარჩენი რადიოაქტიური დაბინძურება არც ჩვენს ექსპერტებს დაუფიქსირებიათ, არც სპეციალისტებს გარედან“, – აღნიშნა მან.

10 აგვისტოს ბირთვული ცდების საყოველთაო აკრძალვის შესახებ შეთანხმების ორგანიზაციამ დააფიქსირა სეისმური და ინფრახმოვანი რყევები, რომელიც დროში არხანგელსკის ოლქში მდებარე სამხედრო პოლიგონზე მომხდარ ავარიას ემთხვეოდა. 

„აქცენტი“ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ ავარიის შედეგად დაშავებულები მოსკოვში უსაფრთხოების მკაცრი პირობების დაცვით გადაიყვანეს: რეანომობილების ბრიგადების თანამშრომლები სპეცტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები, თავად მანქანები სპეციალური საფარით იყო შეფუთული, ვერტმფრენიდან დაშავებულების ჩამოყვანამდე კი ავტომობილები რადიაციულ ფონზე შეამოწმეს.



ადგილობრივი მედია ანონიმ თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაღუპულებს „საშინელი დასხივება ჰქონდათ მიღებული და უბრალოდ სისხლი მოეხარშათ“.

სევეროდვინსკის ადმინისტრაციის თავდაპირველი ცნობების, საყოველთაო აკრძალვის შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის მონაცემებისა და ადგილობრივების შემაშფოთებელი ინფორმაციის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ რადიაციული ფონის მატება ხანმოკლე იყო და მდგომარეობა მელევე ნორმალიზდა. 

ამავე დროს, როგორც ბირთვული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი ვიაჩესლავ სოლოვიოვი აცხადებს, სახელმწიფო კომისია აწარმოებს ავარიის საქმის გამოძიებას „მომხდარის მასშტაბებისა და მიზეზების დასადგენად". 

ავარიას რუსეთის ფედერალური ბირთვული ცენტრის ელიტა ემსხვერპლა

ბირთვული ცენტრის დირექტორ ვალენტინ კოსტიუკოვის შეფასებით, 8 აგვისტოს ავარიას რუსეთის ფედერალური ბირთვული ცენტრის ელიტა ემსხვერპლა.

ცნობილი ხდება დაღუპულთა ვინაობა: ალექსეი ვიუშინი სპეციალური აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე მუშაობდა; ევგენი კოროტაევი  ელექტრონიკის წამყვანი ინჟინერი იყო;  ვიაჩესლავ ლიპშევი სამეცნიერო გამომცდელ ჯგუფს ხელმძღვანელობდა; სერგეი პიჩუგინი ცდების პირველი კატეგორიის ინჟინერი გახლდათ; ვლადისლავ იანოვსკი სამეცნიერო კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე იყო.

„მათი დაღუპვა მწარე დანაკარგია მთელი ბირთვული ცენტრისა და „როსატომისთვის“, – განაცხადა კოსტიუკოვმა.   


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რას ამბობს შსს პოლიციელის მიერ ბავშვის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე (VIDEO)