ფინანსთა მინისტრი – ლარზე: "ბუნებრივი მერყეობაა, ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის“

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, "როგორც ფისკალური, ისე მონეტარული პოლიტიკა იქითკენაა მიმართული, რომ ხელი არ შევუწყოთ ლარის გაუფასურებას. პირიქით, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ზედმეტი ხარჯებისგან, ნებისმიერი სახის აქტივობისგან, რამაც შეიძლება, კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს". ამის შესახებ მინისტრმა ლარზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „არის ჩვეულებრივი, ბუნებრივი მერყეობა და ლარი თავის წონასწორულ კურსს იპოვის, ნებისმიერ შემთხვევაში“.

კითხვაზე, ეს როდის მოხდება, ივანე მაჭავარიანი პასუხობს: „ეს მუდმივი პროცესია, ყოველდღიურად პოულობს. იყო უფრო მაღალი, წამოვიდა ქვევით. იმედს ვიტოვებ და არის რესურსი, რომ  ცოტა კიდევ გამყარდეს. რესურსი არის მზარდი ექსპორტი. იმედია,  ტურიზმი აღდგება და ის დარტყმა, რაც ტურიზმმა მიიღო, ისიც თანდათანობით წლის ბოლომდე აღდგება. ეს არის მთავარი რესურსი“.

მისი თქმით, მცდარია მოსაზრება, რომ ამის რესურსი არის სავალუტო რეზერვების გაყიდვა.

„თუ გგონიათ, რომ ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყრა არის რესურსი, ძალიან ცდებით. რესურსი უნდა იყოს ბუნებრივი, ჯანსაღი, ეკონომიკური პროცესებისგან გენერირებული ის მყარი ვალუტა, დოლარის ან ევროს შემოსავლები, რომელიც ლარს ასეთი ტიპის გაუფასურებისგან იცავს. არც ეროვნულ ბანკს, არც მთავრობას გაუფასურებისთვის არანაირად არ შეუწყვია ხელი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბილაინი NASA Space Apps Challenge-ის პარტნიორია