"რუსთავი 2"–ის დამფუძნებელი – "TV პირველს": "ჩემი რჩევაა, ყველაზე უარესზე იფიქროთ"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ერთ–ერთი დამფუძნებელი დავით დვალი ტელეკომპანია "პირველის" მესვეურებს ურჩევს, "ყველაზე უარესზე იფიქრონ". საუბარია არხის სერვერებზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე, რის გამოც არხი ფაქტობრივად პარალიზებულია.  

"მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება, რამის თქმა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მსგავსი თავდასხმები ძნელადიდენტიფიცირებადია. რადგანაც ასე რთულია ადრესატის პოვნა, მნიშვნელოვანია, დასკვნები თავად გამოიტანოს "TV პირველმა". ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველაზე უარესზე იფიქროთ. სჯობს უარესზე იფიქროთ და თავი დაიზღვიოთ, რომ ეს არის რაღაც ორგანიზებული, დროშიც ემთხვევა და ზოგად ჯაჭვში ეწერება. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ძვირი სიამოვნებაა, აუცილებლად მისახედია უსაფრთხოების სფერო, რადგან არ არის გამორიცხული, არჩევნების მოახლოებასთან ერთად მსგავსი თავდასხმები გახშირდეს.  

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “პირველის“ ცენტრალურ სერვერზე  კიბერშეტევა განხორციელდა. პრობლემები არხზე 05:00 საათიდან დაიწყო: დაფიქსირდა "კრიპტო–ვირუსი". ამ დროისთვის არხი ფაქტობრივად პარალიზებულია: მომზადებული მასალების მაყურებლისთვის შეთავაზებას ვერ ახერხებს და ის მხოლოდ პირდაპირი ეთერით მაუწყებლობს. ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ შს სამინისტროს თანამშრომლები. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp