ძაბირაძე – რუსთავი 2“–ზე: „ხელისუფლებამ ამ დარგში წინამორბედის გამოცდილება გაითვალისწინა“

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის დაკვირვებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები პროგნოზირებადი იყო და ამ პროცესების უკან ის ხელისუფლებას ხედავს.

როგორც პოლიტოლოგი „აქცენტთან“ საუბრისას აცხადებს, როდესაც ხელისუფლება კარგავს რეიტინგს, მისი სამიზნე მედია ხდება.

„არსებული პოლიტიკური კონტექსტი სხვა დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა. ვგულისხმობ 20–21 ივნისის მოვლენებს [გავრილოვის ღამე და შემდეგ მომიტინგეების დაშლა]; დავით–გარეჯს, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს, მძიმე სოციალურ ვითარებას, ლარის კურსს  (რაც არ უნდა გვიმტკიცონ, ინფლაცია არ არისო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ინფლაციას რომ იგრძნობს, ნახევარი საქართველო შიმშილისგან დახოცილი იქნება) და ა.შ.  ხელისუფლების რეიტინგი სისტემატიურად ეცემა და ამას ადასტურებს ყველანაირი გამოკითხვა. ამდენად, როგორც ჩანს, ხელისუფლება მედიაზე სრული კონტროლის დაწესებას ცდილობს. ეს გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო: როდესაც ხელისუფლება კარგავს რეიტინგს, მისი საყრდენი ხდება ძალოვანი სტრუქტურა და შემდეგი ნაბიჯი მედიის ხელში ჩაგდებაა. ამ კონტექსტის გათვალისწინებით გასაგებიცაა ასე სასწრაფოდ რატომ გამოცხადდა „რუსთავი 2“–ის გაყიდვა. ხალვაშს ზედმეტი თავისტკივილი არაფერში სჭირდება. ალბათ ისიც არავისთვის არის გასაკვირი, რომ ხალვაში მხოლოდ ავანსცენაზეა, ხოლო მის უკან ხელისუფლება დგას. ამიტომ, უფრო გამართულად რომ მოხდეს არხის სარედაქციო ცვლილება, კომპანიას გამოიტანენ გასაყიდად, ღია წესით ჩატარდება აუქციონი. ის, რომ ერთკვირიანი ვადა გამოცხადდა, ნიშნავს, რომ მყიდველი უკვე შერჩეულია. აქ ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი და გაანალიზებული. აქ ერთადერთი დასკვნაა: ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ყოველგვარი შევარდნების გარეშე მოახერხა მედიის განეიტრალება. ამ დარგში მან გაითვალისწინა წინა ხელისუფლების გამოცდილება და უფრო  ჰუმანური აქტები განახორციელა, თუმცა შინაარსობრივად, რა თქმა უნდა, იგივე“,– აცხადებს პოლიტოლოგი.

ძაბირაძე ფიქრობს, რომ არხის პოტენციურ მყიდველს პოლიტიკური ინტერესები ექნება:

„სავარაუდო მყიდველების ჩამოთვლას ვერ დავიწყებ, მაგრამ ფაქტია, რომ ვინც ამ არხს იყიდის, მას პოლიტიკური ინტერესი ექნება: ან პოლიტიკაშია, ან აპირებს ჩართვას. სხვა შემთხვევაში „რუსთავი 2“–ის ყიდვას აზრი არ აქვს. 70–მინიონიანი ვალით იყიდო ტელევიზია იმიტომ, რომ თავისუფალი მედია გააკეთო...თუ საქართველოში ან საზღვარგარეთ მოიძებნება ასეთი ადამიანი, მე მას წმინდანთა კატეგორიას მივაკუთვნებდი“.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ მედიის წინააღმდეგ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი სადღეისოდ უპერსპექტივოა:

„დღეს სოციალური ქსელი მაღალ დონეზეა განვითარებული, არსებობს ინტერნეტ და საკაბელო ტელევიზიები, ასეთ ვითარებაში ენერგიის მედიაზე კონტროლის აღებაზე ხარჯვა, ხელისუფლების მხრიდან უაზრო ქმედებებია. თუ მსგავსმა ქმედებამ 10 წლის წინ ვერ გამოიღო შედეგი, მით უფრო უშედეგო იქნება დღეს. დავუშვათ, დახურე „რუსთავი 2“, დღეს „TV პირველს“ შეექმნა პრობლემები, მაგრამ LIVE–რეჟიმში ხომ გავა? ჭორი ხელისუფლებისთვის გაცილებით დამანგრევლად მუშაობს, ვიდრე პირდაპირი ეთერით მიღებული ინფორმაცია. ამდენად, ხელისუფლება ამით ვერაფერს მოიგებს. თუმცა იმას არ ვამბობ, რომ ეს მას გაანალიზებული აქვს და არ სურს ამის კეთება. უნდა და სწორედ ესაა ამ ხელისუფლების ერთ–ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც ქმნის მისთვის ძალიან ნეგატიურ გარემოს: ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანებიც კი იძულებულნი არიან, თუ არ სურთ საკუთარი სინდისის წინააღმდეგ წასვლა, ხელისუფლების კრიტიკით დაინტერესდნენ და ამით, სურთ თუ არა, ოპოზიციის წისქვილზე დაასხან წყალი. რატომ აკეთებენ ამას ხელისუფლება, პოლიტიკური ანალიზი აკლიათ, წარსულის გამოცდილება, თუ თავად ჩარჩენ წარსულში და ისევ მედია აშინებთ, ვერ გეტყვით“.

ცნობისთვის: ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის წილის 100%–ის მფლობელი ქიბარ ხალავაში, რომელიც ჯერ კიდევ 2 კვირის წინ ირწმუნებოდა, რომ "რუსთავი 2"-ის გაყიდვას არ აპირებდა, დღეს აცხადებს, რომ გადაწვიტა, გაყიდოს ტელეკომპანია. ამასთან, როგორც ხალვაში აცხადებს, მოლაპარაკებებს არ აწარმოებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მასთან დაკავშირებულ პირებთან, ხოლო არხს მიჰყიდის მას, ვინც მეტ თანხას გადაიხდის.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას ქალიშვილთან ერთად დაესწრო