გვარამიას ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილ დირექტორ ნიკა გვარამიასთვის გირაოს შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრა.

„მოსამართლე კერატიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთვის გირაოს შეფარდების თაობაზე არის უკანონო და ვითხოვთ ამ განჩინების გაუქმებას. არაერთი საფუძველი გვაქვს ამისთვის. მაგალითად, მოსამართლემ იმ ვარაუდის დასადასტურებლად, რომ თითქოსდა არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი ნიკა გვარამიას მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, მიუთითა საქმის მასალები, რომელიც სასამართლოს ფიზიკურად არ უნახავს, იმიტომ, რომ პროკურატურამ შუამდგომლობით მოიტანა მხოლოდ 6 ტომი და დანარჩენი მასალები არ მოუტანია და სასამართლოს მოხსენიებული აქვს ის მასალები, რომელიც ფიზიკურად საქალაქო სასამართლოში არ მოხვედრილა", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის: 9 აგვისტოს გენპროკურატურამ გვარამიას "რუსთავი 2"–ის საქმეზე ბრალიწაუყენა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ. 

11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა. იგი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ გირაოს არ გადაიხდის.

იხილეთ ასევე: რა ხდება გირაოს პირობების დარღვევის შემთხვევაში

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp