საქსტატი - საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით , 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2017 წელთან შედარებით, 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 % შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით 2018 წელს უმუშევრობის დონე შემცირებულია თბილისის, აჭარის, იმერეთისა და გურიის რეგიონებში. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, აღნიშნული მაჩვენებელი 5.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო აჭარის და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად 1.8 და 1.6 პროცენტული პუნქტებით. უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად გაზრდილია სამეგრელო-ზემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, შესაბამისად 3.3 და 1.9 პროცენტული პუნქტებით.

„უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.7 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ქალებში შემცირდა 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.1 პროცენტული პუნქტით.

აქტიურობის დონე შედარებით მაღალია კაცებში. 2018 წელს ქალებში აქტიურობის დონე 55.6 პროცენტს, ხოლო კაცებში – 73.6 პროცენტს შეადგენდა. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.0 პროცენტული პუნქტით.

2018 წელს, 2017 წელთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში უცვლელი დარჩა.

გამოკვლევის შედეგების ანალიზი ასაკობრივ ჭრილში აჩვენებს, რომ 2018 წელს უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე კვლავ 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება (30.8 პროცენტი), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში, რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში არააქტიურობის დონის შედარებით მაღალი მაჩვენებელი. 

2018 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულებში 50.8 პროცენტს შეადგენდა, რაც 2.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თვითდასაქმებულთა კლების ტენდენცია ფიქსირდება და 2018 წელს პირველად დაქირავებულთა რაოდენობამ გადააჭარბა თვითდასაქმებულებს.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წელს წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 3.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო სასოფლო დასახლებებში გაზრდილია 0.7 პროცეენტული პუნქტით“, – აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხარაგაულში მამაკაცი კრაზანის ნაკბენით გარდაიცვალა