"საქართველო ცდილობდა, შეექმნა დასავლური დემოკრატია. ვფიქრობ, რუსეთმა ეს პროცესი ეფექტურად შეაჩერა"

„რადიო თავისუფლების“ ყოფილი პრეზიდენტი ჯეფრი გედმინი რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ  "საქართველო ცდილობდა შეექმნა დასავლური დემოკრატია. ვფიქრობ, რუსეთმა ეს პროცესი ეფექტურად შეაჩერა".

„რუსეთი თავს დაესხა და მოახდინა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ რუსეთი იმპერიის აღდგენას ცდილობს - საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით. ამ მხრივ, საქართველო მტკივნეული მაგალითია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად არასწორი, პრობლემური და არასრული იყო საქართველოში მიმდინარე პროცესები მაშინ. ეს იყო ქვეყანა, რომელიც დასავლეთისკენ, ნატოსკენ, ევროკავშირისკენ მიიწევდა. საქართველო ცდილობდა შეექმნა მოქნილი, დასავლური დემოკრატია. ვფიქრობ, რუსეთმა ეს პროცესი ეფექტურად შეაჩერა", – განაცხადა გედმინმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას. 

მისივე თქმით, 2008 წლის შემდეგ, საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მაშინდელ დონეზე შენარჩუნება რთულია:

„მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა მსოფლიოშიც, ამერიკაშიც. დღეს ამერიკაში გვყავს პრეზიდენტი, რომლისთვისაც საქართველო პრიორიტეტი, სავარაუდოდ, არ არის. ფაქტი კი ისაა, რომ რუსეთმა ტერიტორია მონიშნა და თქვა, რომ ‘ეს ჩემი სამეზობლოა და არის საკითხები რომლებზე საუბარსაც არ ვაპირებთ.’ ეს ფაქტია".

როგორც გედმინი აღნიშნავს, მსოფლიოში და შეერთებულ შტატებში რამდენიმე წელში მდგომარეობა შეიცვლება და საქართველო ამისთვის მზად უნდა იყოს:

"ეს კი ღირებულებების დასაცავად უწყვეტ ბრძოლას ნიშნავს. მე ნატოს ღია კარის პოლიტიკას მხარს ვუჭერ. მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელსაც უნდა, რომ დემოკრატიული ქვეყნების ოჯახის თანასწორი წევრი იყო. მაგრამ ამ ეტაპზე, ამისთვის კარგი დრო არ არის. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, ვიბრძოლოთ და ვიბრძოლოთ მოთმინებით და შეუდრეკელად იმ დრომდე, სანამ გარემოებები არ შეიცვლება რამდენიმე წელში". 

გედმინი ბევრი სხვა მიმომხილველის აზრს იზიარებს და ამბობს, რომ „საქართველო რთულ გზას გადის,“ რომელიც მოტივაციის შენარჩუნებას შეიძლება ხელს უშლიდეს. თუმცა დასძენს:

„რატომ უნდა გავჩერდეთ და რატომ უნდა დავანებოთ თავი ჩვენს მიზნებს? ეს გრძელვადიანი ბრძოლაა და არასოდეს იცი ზუსტად როდის შეიძლება სიტუაცია შენს სასარგებლოდ მოტრიალდეს. ამიტომ, მზადება და მზაობა მუდამ უნდა გააგრძელო. ამერიკაში კალათბურთის ცნობილმა მწვრთნელმა ბობი ნაითმა ერთხელ თქვა, რომ არ ეთანხმება ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ სპორტში ის გუნდი იმარჯვებს, რომელსაც გამარჯვება უფრო მეტად უნდა. გამარჯვება ყველას უნდა, მაგრამ სინამდვილეში ის იმარჯვებს, ვინც გასამარჯვებლად უკეთესადაა მომზადებულიო. ეს საქართველოსაც მიესადაგება - იბრძოლეთ, შეინარჩუნეთ მოტივაცია, სიმტკიცე, მოთმინება, მოიზიდეთ ინვესტიციები, გაამყარეთ ურთიერთობები მოკავშირეებთან. არავინ იცის როგორი იქნება მსოფლიო 3, 5, 10 წელში. მაგრამ როცა მსოფლიო შეიცვლება, საქართველო მზად უნდა იყოს.“

ჯეფრი გედმინი „რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტი 2007-2011 წლებში იყო.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პუტინმა ომების დროს მოსახლეობის უფლებების შესახებ საერთაშორისო პროტოკოლიდან გასვლის ინიცირება მოახდინა