ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს,– ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება. 

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ამასთან, სუს-ის შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება.

უწყების ცნობით, აღნიშნული საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მწვავედ იქნება დასმული.

ამასთან, ანალოგიურ შემთხვევას 7 აგვისტოსაც ჰქონდა ადგილი, როცა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი. მოგვიანებით სამუშაოები შეწყდა.

განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო უწყებამ:

„საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელების გამო. მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას.

ქართული მხარე აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა მიღებულ იქნას ქმედითი ზომები აღნიშნული უკანონო პროცესის შეჩერების მიზნით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით".

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელება დაიწყო; 14 აგვისტოს აფხაზეთში დაიწყო ომი. სადღეისოდ აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp