"მესიჯები „ქართველებთან გვინდა ცხოვრებაო“ დღეს უფრო ხმამაღლა ისმის"

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, "მიუხედავად კონფლიქტის ძალიან მძიმე გამოცდილებისა, ჩვენ ხალხებს შორის შერიგების რესურსი გაგვაჩნია და დღეს რუსეთი სწორედ ხალხთა შორის ხიდების აღდგენას უპირისპირდება". ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა "აქცენტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

"ადამიანების რიცხვი, რომლებიც ცდილობენ, გადმოვიდნენ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, წლიდან წლამდე იზრდება.  მაგალითად, თუ ორი წლის წინ სამჯერ მეტი ადამიანი დააკავეს მხოლოდ ცხინვალიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადმოსვლის მცდელობისთვის, ვიდრე საპირისპირო მიმართულებით, შარშან ეს მონაცემი ხუთჯერ იყო გაზრდილი. ეს აჩვენებს, რომ ადამიანებს სჭირდებათ, გაარღვიონ იზოლაცია და მეტი კონტაქტი ჰქონდეთ დანარჩენ საქართველოსთან. [...]

მიუხედავად კონფლიქტის ძალიან მძიმე გამოცდილებისა, ჩვენ ხალხებს შორის შერიგების რესურსი გაგვაჩნია და დღეს რუსეთი სწორედ ხალხთა შორის ხიდების აღდგენას უპირისპირდება".

მისივე თქმით, არც თავად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს მოსწონთ ის პროცესი, რაც ამ რეგიონებში ვითარდება:  

"[...] დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, მათ უმეტესობას მოსწონს ის პროცესები, რომელიც იქ მიდის? - არ მოსწონს და ამას მე ვარაუდებზე დაყრდნობით არ ვამბობ: ვიცნობ რეალურ ადამიანებს. რომელთაც არ მოსწონთ რუსიფიკაცია, არც სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა, განვითარების წართმეული პერსპექტივა, განათლების არსებული სისტემა, კორუფცია, მაღალი კრიმინალი, ნარკოდამოკიდებულება.... არ მოსწონთ, რომ ეს ყველაფერი მათ იდენტობას ემუქრება, რადგან თავს არ აიგივებენ რუსებთან. ეს რეალური მოცემულობაა.

იგივე ცხინვალის რეგიონში მოსახლეობის 80% აღარ ცხოვრობს. აქ გამოდევნილ ქართველებზე აღარ არის საუბარი: ძალიან ბევრი ოსია გასული რუსეთში – ვლადიკავკაზში, რადგან ადგილზე პირობები გაუსაძლისია - გაფართოებულ სამხედრო ბაზას დაემსგავსა ცხინვალი! თქვენ რომ გამოკითხვა ჩაატაროთ, შესაძლოა, ბევრისგან ვერ მიიღოთ გულწრფელი პასუხი, „ქართველებთან, საქართველოსთან ერთად გვინდა ცხოვრებაო“, მაგრამ ეს მესიჯები გარკვეული პირობებით ისმის და დღეს უფრო ხმამაღლა ისმის, ვიდრე ადრე, როცა მათ, ასე ვთქვათ, დახურულ რეჟიმში ან პირადად ესაუბრები. [...]

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: იმდენი კონტაქტი, რამდენიც დღეს (ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში) ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის არის, ალბათ, მთელი 11 წლის განმავლობაში არ ყოფილა. პირადად ჩემი მონაწილეობით (მათ შორის სხვადასხვა უწყებების ჩართულობით) ათეულობით დახურული შეხვედრა ჩატარდა არა მარტო აფხაზებთან, არამედ ოსებთანაც, რომლებიც წინა წლებში უფრო “ჩაკეტილები” იყვნენ. 7 წელია, აქ ვმუშაობ და ასეთი პროაქტიური კონტაქტი იმ რეგიონიდან ფაქტობრივად არ ყოფილა (ამას, რა თქმა უნდა, მეტი რესურსი სჭირდება, რომელიც, სამწუხაროდ, ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის)",– განაცხადა "აქცენტთან" საუბრისას ციხელაშვილმა. 

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=4904

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp