ვითარება გუგუტიანთკარში, სადაც ოკუპანტებმა მავთულხლართების გავლება განაახლეს

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები პატრულირებენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. სასაზღვრო ღობე აღმართეს.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, სამართალდამცავები ე.წ. სასაზღვრო ღობესთან მივიდნენ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ელაპარაკებოდნენ ღობის მიღმა მყოფ პირებს.

პოლიცია უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ჟურნალისტებს არ აძლევს ღობესთან მიახლოების უფლებას.

„მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაცია, მაგრამ გუგუტიანთკარში კი არა, ბერლინის კედელი იყო და აღარ არის. დრო მოვა აღარც ეს აღარ იქნება, თავისი ხელით აიღებენ ისინი“ - უთხრა რადიო თავისუფლებას შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ კობა ცერცვაძემ. 

მისი ინფორმაციით, საკითხი აუცილებლად დადგება ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მომდევნო შეხვედრაზე. კობა ცერცვაძე ამ შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილეა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან ე.წ. საზღვრის გასავლებად ძელები 7 აგვისტოს დადგეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი ღობე აღმართეს.

სახლი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნაწილობრივ დაინგრა, გუგუტიშვილების ოჯახს ეკუთვნის. ამჟამად სახლში არავინ ცხოვრობს. საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის გავლების გამო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სოფლის მცხოვრებთა მიწის ნაკვეთების ნაწილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp