ხუთი ადამიანის სასტიკი მკვლელობა – ბაბუისა და შვილიშვილის საქმეები გაერთიანდა

სოფელ ყანდაურაში მომხდარ სასტიკ მკვლელობებთან დაკავშირებით 85 წლის ომარ გამყრელიძისა და ომარ გამყრელიძე უმცროსის საქმეები გაერთიანდა. ამის შესახებ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გახდა ცნობილი. გამოძიება 85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ხოლო მის შვილიშვილს ომარ გამყრელიძე უმცროსს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. ამ დროისთვის საქმეში სულ სამი პირია ბრალდებული: 85 წლის ომარ გამყრელიძე (მკვლელობაში დახმარებისთვის), შვილი ნოდარ გამყრელიძე (მკვლელობაში, თუმცა დაკავებული არ არის) და შვილიშვილი ომარ გამყრელიძე (იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვისთვის)

ადვოკატის ცნობით, ბრალის დადგენილებაში წერია, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილს – ნოდარ გამყრელიძეს, გამოძიებით დაუდგენელი მოტივით, კონფლიქტი ჰქონდა თავის დედასთან ელიზა გამყრელიძესთან, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი და შურისძიების მოტივით, გადაწყვიტა მისი განზრახ მკვლელობა. ომარ გამყრელიძემ ელიზა გამყრელიძის განზრახ მკვლელობაში დახმარების მიზნით, ნოდარ გამყრელიძეს გადასცა "GECO mod.23" მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ომარ გამყრელიძე უმცროსი თავის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

დადგენილების მიხედვით, გამყრელიძეს გამოძიება მხოლოდ ერთი ადამიანის მკვლელობაში დახმარებას ედავება. ერთი ადამიანის მკვლელობას ედავებიან ნოდარ გამყრელიძესაც. ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიება ჩიხში შევიდა და 4 ადამიანის მკვლელის ვინაობა გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია.

თავად 85 წლის გამყრელიძე ბრალს არ აღიარებს.

სასამართლო პროცესი 15 აგვისტოს თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. მაშინ შსს–მ განაცხადა, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი ნათესავი მოკლა. 76 წლის მეუღლეს კი თავის არეში ესროლა. დაშავებული ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და ერთი კვირის წინ გარდაიცვალა. მოგვიანებით გამყრელიძეს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp