სასამართლომ გვარამიას სარჩელი არ დააკმაყოფილა – სააპელაციოს განმარტება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო,– ინფორმაციას სააპელაციო სასამართლო ავრცელებს და მიზეზად გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევას ასახელებს.  

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მომართა ბრალდებულ ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა, რომელმაც მოითხოვა ნიკა გვარამიას მიმართ 2019 წლის 11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს და დამატებითი შეზღუდვის ღონისძიების გაუქმება.

სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ შეამოწმა საჩივრის შესაბამისობა დასაშვებობისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით დაადგინა, რომ ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილია 2019 წლის 11 აგვისტოს 01 საათსა და 30 წუთზე და შესაბამისად, მისი სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207- ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 48 საათიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 13 აგვისტოს 01 საათსა 30 წუთზე. ბრალდებულ ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის მიერ განჩინების გამომტან თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეტანილია 2019 წლის 13 აგვისტოს 17 საათზე და 39 წუთზე, ანუ გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 48 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ, 16 საათის დაგვიანებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ ბრალდებულ ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი“, - აცხადებენ სააპელაციო სასამართლოში.

თავად ნიკა გვარამია ამბობს, რომ გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა:

"ველოდი, რომ გირაო გირაოდ დარჩებოდა, რა ფორმას მონახავდნენ ამისთვის, ჩემთვის მეორეხარისხოვანია".

გვარამიას თქმით, მისი იურისტი სტრასბურგისთვის მასალას აგროვებს.

„იმის შემდეგ, რაც ოთხი საათი ვისაუბრე, თან სამართლებრივად სწორ პოზიციაზე და პროკურორებმა სამი წუთი ისაუბრეს, ვაი იმ საუბარს, მოსამართლე მაინც გამოვიდა, თვალები ვერ აწია ისე წაიკითხა ის სისულელე და გავიდა, სრულიად ნათელია, რომ სასამართლოში ლაპარაკს აზრი მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ ადამიანებმა შენი პოზიცია გაიგონ, თორემ მოსამართლისთვის აზრი არ აქვს. იგივეა სააპელაციოს ნაწილშიც“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.  

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ გვარამიას 40 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა. გვარამია გირაოს გადახდას არ აპირებს. მსგავს შემთხვევაში პროკურატურას აქვს შესაძლებლობა სასამართლომ აღკვეღის ღონისძიების უფრო მკაცრი ზომის – პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ბრალდების მხარის უფლება და არა ვალდებულება. 

ცნობისთვის: ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა. გამოძიება გვარამიას სსსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp