რუსეთის 5 ტყუილი INF-ის შეთანხმებაზე

კრემლისტური ნარატივები ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების (INF) გარშემო წლებია ვრცელდება, თუმცა მას შემდეგ, რაც აშშ-მა შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთის მხრიდან ანტი-ამერიკული გზავნილები კიდევ უფრო გააქტიურდა. რუსეთი აშშ-ს საერთაშორისო უსაფრთხოების ხელყოფაში სდებს ბრალს და შეთანხმების დარღვევაზე პასუხისმგებლობას მთლიანად მას აკისრებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა INF-ის შეთანხმებასთან დაკავშირებით კრემლის მითები და რეალური ფაქტები გამოაქვეყნა.

მითი 1: 2019 წლის 23 იანვარს რუსეთმა წარმოადგინა მტკიცებულება, რომ მათ მიერ გამოცდილი რაკეტები INF-ის შეთანხმებას არ არღვევს.


tvzvezda.ru

ფაქტი 1: 2019 წლის 23 იანვარს 9M729 გამშვების “დემონსტრაციამ” არ შეცვალა ის ფაქტი, რომ რაკეტების გამოცდა წლების მანძილზე შეთანხმების მიხედვით აკრძალულ მანძილზე (500 კილომეტრს მიღმა) მიმდინარეობდა. აშშ და ნატოს წევრი სხვა ქვეყნები აღნიშნულ ბრიფინგს არ ესწრებოდნენ, რადგან ეს იყო რუსეთის მიერ კონტროლირებადი ჩვენება. INF-ის შეთანხმების გადასარჩენად რუსეთს უნდა გაენადგურებინა 9M729 ტიპის რაკეტები, თუმცა ის ასე არ მოიქცა. ამას გარდა 2019 წლის თებერვალში პუტინი აშშ-ს დაემუქრა ახალი ბირთვული იარაღის წარმოებით, მათ შორის, აღნიშნა უპილოტო წყალქვეშა ნავი “პოსეიდონი”, რომელსაც მასიური თერმობირთვული ქობინები აქვს.

მითი 2: რუსეთი აშშ-სგან განსხვავებით INF-ის შეთანხმებაზე დიალოგით დაინტერესებულია.


news-front.info

ფაქტი 2: აშშ-მა INF-ის შეთანხმების შესრულების საკითხზე რუსეთთან დიალოგში 6 წელი გაატარა. დაწყებული 2014 წლიდან აშშ-მა ტექნიკური ექსპერტების 6 შეხვედრა მოიწვია და რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევის ფაქტები განსახილველად ბევრჯერ წამოწია, მათ შორის მთავრობის უმაღლეს დონეზე. 2016 და 2017 წლებში შედგა სპეციალური დამადასტურებელი კომისიის ორი შეხვედრა, ხოლო 2014-2018 წლებში რუსეთი-აშშ-ის ტექნიკური ექსპერტების ოთხი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც აშშ გამოხატავდა შეშფოთებას და მოუწოდებდა რუსეთს შეეწყვიტა სარაკეტო შეთანხმების დარღვევა. დიალოგი 2019 წლის მაისსა და ივლისშიც მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ.

მითი 3: რუსეთმა ამერიკელებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ როდის და რა მანძილზე ჩატარდა რაკეტების გამოცდა.

interfax.ru

ფაქტი 3: დაახლოებით 4 წლის მანძილზე რუსეთი საერთოდ უარყოფდა რაკეტების არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ აშშ რუსეთს პირდაპირ უთითებდა რაკეტების გამოცდაში მონაწილე კომპანიებზე და კონკრეტულ ადგილებზე, კრემლი რაკეტების ტესტირებას არ აღიარებდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშშ-მა საჯაროდ გამოაცხადა სარაკეტო სისტემის დასახელება 9M729, მოსკოვმა ძველი მტკიცებები შეცვალა, აღიარა, რომ ასეთი რაკეტები მართლაც აქვთ, თუმცა მათი მოქმედება 500 კილომეტრის ლიმიტს არ სცდება, შესაბამისად არ არღვევს 1987 წლის შეთანხმებას. რუსეთის განცხადებით, მას არ ჰქონდა ვალდებულება აშშ-ისთვის დამატებითი ინფორმაცია მიეწოდებინა რაკეტების შესაძლებლობების და ტესტირების ისტორიის შესახებ.

მითი 4: აშშ-ის შეიარაღების შეჯიბრის დაწყება სურს.




rt.com

ფაქტი 4: რუსეთის ფედერაცია აწარმოებს და ახდენს იმ შესაძლებლობების იარაღის გამოცდას, რაც INF-ის შეთანხმების თანახმად აკრძალულია. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, “ნატოს პოზიცია არის მკაფიო და ერთიანი. რუსეთი არღვევს 1987 წლის სარაკეტო შეთანხმებას. ევროპაში ახალი ამერიკული რაკეტები არ არის განლაგებული, თუმცა არის ახალი რუსული რაკეტები.” ამასთანავე, სწორედ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყო ის, ვინც პრიორიტეტულად მიიჩნია მასობრივი გადაიარაღების პროგრამა (massive military rearmament program), რომლის ფარგლებშიც 2018 წლის მარტში მხარი დაუჭირა ხუთი ახალი სტრატეგიული შეტევითი ბირთვული იარაღის შემუშავებას.

მითი 5: აშშ ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას.


sputnik.md

ფაქტი 5: ნატოს ევროპელი წევრების შეშფოთებას სწორედ რუსეთის მიერ წარმოებული ახალი რაკეტები იწვევს. ნატოს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 9M729 არის “მობილური და მარტივად შესანიღბი... შეუძლია ბირთვული ქობინების გადატანა. მას გაფრთხილების პერიოდი წუთებამდე დაჰყავს და ამცირებს ბირთვული კონფლიქტის ბარიერს. მას შეუძლია ევროპის დედაქალაქებამდე მიღწევა.” ევროპის უსაფრთხოების ხელყოფა და საერთაშორისო ნორმების დარღვევა რუსეთისთვის ჩვეული სტრატეგიაა. ყირიმის ანექსირება, მონტენეგროში გადატრიალების მცდელობა, დასავლური ქვეყნების არჩევნებში ჩარევა, სკრიპალების მოწამვლა, ის არასრული ჩამონათვალია, რითაც რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპის კონტინენტს.

1987 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის დაიდო შეთანხმება საშუალო და ახლო სიშორეზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ, რომლის თანახმადაც მათი შეიარაღებიდან ამოღებულ იქნა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, რომელთა ფრენის სიშორე 500-დან 5500 კმ-მდე იყო. ხელშეკრულების შედეგად 1991 წლის პირველ ივნისამდე აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა საერთო ჯამში გაანადგურეს 2 692 მცირე და საშუალო სიშორის რაკეტები. 2014 წლის ივლისში აშშ-მა პირველად დაადანაშაულა რუსეთი ხელშეკრულების დარღვევაში.

წყარო: mythdetector.ge


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp