მიხეილ სააკაშვილი: "რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისათვის"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისათვის. ამის შესახებ სააკაშვილმა კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც “ახალი როკის გვირაბი“ უწოდა. 

“ესაა ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ, რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის შესახებ. რომ არ დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა ალყაში და ჩახოცავდა ჩვენს ჯარს, როგორც რუსებმა გააკეთეს მოგვიანებით უკრაინულ ილოვაისკში 2014 წელს. ავტობანის აშენების შემთხვევაში, რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ამავე თემაზე: ახალი გზა რუსეთისკენ: რა მეტია - სარგებელი, ზიანი თუ რისკი?

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება ისტორიული პროექტი - კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი:

“ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე მაგისტრალი და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში. მას სჭირდება შესაბამისი ინვესტიციები, რომელიც უკვე მოზიდული და ხელმოწერილია“.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp