ნიკა გვარამია პროკურატურაში გააფრთხილეს

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, გვარამია პროკურატურაში მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადდა. ირკვევა, რომ ის დღეს საგამოძიებო უწყებაში გააფრთხილეს.

„დღევანდელი საპროცესო მოქმედების ფარგლებში ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს“, – აცხადებენ პროკურატურაში. კერძოდ, საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. 

კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიამაც: 

„გირაოს უნიკალური კოდის გადმოცემის პროცედურა იყო, ამ დოკუმენტში შეგნებულად არც ჩამიხედავს და არც ჩამიბარებია. ეს უნიკალური კოდი არ ვიცი. ეს იცის მხოლოდ ამ უწყებამ, ამიერიდან, თუ ვინმემ რამე შეიტანა ჩემს ანგარიშზე, არის ამ უწყების დამსახურება, ანუ მხოლოდ მათ შეიძლება გათქვან ეს უნიკალური კოდი, ჩემგან ეს ვერ მოხდება, რადგან ამ ინფორმაციას არ ვფლობ. გირაოს გადახდას არ ვაპირებ, გამაფრთხილეს, რომ ჩემი პასუხისმგებლობა ამის გამო შესაძლოა, დამძიმდეს. დამძიმდეს, ვერ ვხედავ პრობლემას. იმთავითვე ვთქვი, რომ მე მზად ვარ ამისთვის. ის, რაც ნებაყოფლობით უნდა შესრულდეს ჩემ გამო, როგორც აღკვეთის ღონისძიება, მე ამას არ შევასრულებ, რადგან თავი მიმაჩნია უდანაშაულოდ. თუ იმ ღონისძიებას მომისჯიან, რომელიც იძულებას გულისხმობს, ანუ აღკვეთას, დავემორჩილები. გიჟი ხომ არ ვარ, სახელმწიფოა და კი, ბატონო, აღმიკვეთონ თავისუფლება. ამისთვის მზად ვიყავი იმთავითვე. ასე რომ, რაც ნებაყოფლობითია, იმას მე არ შევასრულებ, თავიდანვე ვიძახდი და მაინც შემიფარდეს ის, რაც ნებაყოფლობითია და გადაწყვეტილება თავად მიიღონ, ჩემთვის ეს მეორეხარისხოვანია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მანამდე გვარამია სახალხო დამცველის აპარატში იმყოფებოდა. როგორც გვარამიამ განმარტა, ნინო ლომჯარია წარმოადგენს ხელისუფლებას, თუმცა ის ამ ხელისუფლებიდან ერთადერთი ადამიანია, ვისთან საუბარიც შესაძლებელი არის. საუბრის თება გვარამიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე იყო. შეხვედრის შემდეგ ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მოვლენათა განვიტარებას და საქმის მსვლელობას აპარატი ყურადღებით დააკვირდება. 

„თვალს ვადევნებთ ამ პროცესს, თვალს ვადევნებდით სასამართლო პროცესს, პროკურატურის განცხადებას. დღეს შევხვდი ნიკა გვარამიას და მის ადვოკატს, მოვისმინე მათი არგუმენტაცია. რა თქმა უნდა, მაღალია საჯარო ინტერესი ამ საქმის მიმართ და იმის გათვალისწინებით, რომ ნიკა გვარამია წარმოადგენდა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მედიასაშუალების დირექტორს და არის კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მის მიმართ დაწყებული დევნა ხდება სახალხო დამცველის ინტერესის საგანი. ჩემი შეფასებით, არის რთული სამართლებრივი საკითხი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს სათანადო მტკიცებულებები, დასაბუთებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კონკრეტული დავა წარმოადგენს სისხლის სამართლის განსჯადობის საკითხს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურამ მეტი მტკიცებულება უნდა წარადგინოს.

„ვაპირებთ, როცა დაიწყება სასამართლო, ყოველ შემთხვევაში ვეცდებით, ჩავერთოთ და წარვადგინოთ სასამართლო მეგობრის მოსაზრება სწორედ განსჯადობასთან დაკავშირებით, რადგან არსებობს კითხვები, არის თუ არა ეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, თუ სამოქალაქო განსჯადობის თემაა. ვფიქრობ, პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს განზრახვა, რაც აუცილებელია ამ ტიპის დანაშაულისთვის. ამ ეტაპზე, ჩემი წარმოდგენითა და მოსაზრებით საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს განზრახვასთან დაკავშირებით. თუმცა, მზად ვართ, შევხვდეთ პროკურატურასაც და ის კითხვები, რაც დღეს გამიჩნდა გვარამიასთან და მის ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ, მოვისმინო ამ კითხვებზე მათი პასუხიც“, – განაცხადა ლომჯარიამ და დასძინა, რომ საგამოძიებო უწყებამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქმეში არსებული მასალა უნდა განასაჯაროოს. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათასლარიანი გირაო შეუფარდა, მას საქართველოს საზღვრის დატოვებაც შეეზღუდა. გვარამია აცხადებს, რომ არ აპირებს გირაოს სახით განსაზღვრული თანხის გადახდას. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp