ლალიაშვილი – ომის შესახებ "იმედის" ფილმზე: "პროდიუსერი მე ვარ"

ტვ იმედის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომზე გადაღებულ უავტორო ფილმზე, რომელიც ერთი ერთში იმეორებს რუსულ პროპაგანდას, პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო. 

ლალიაშვილი ამბობს, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის, ხოლო "ავტორი მერაბ მამარდაშვილია, რომელიც სიმართლის თქმისთვის ბულინგით მოკლეს". 

"პროდიუსერი ვარ მე. ეს რეპორტაჟი დამზადდა ჩემი პროდიუსინგის ქვეშ, უშუალოდ ჩემი ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ფილმის ავტორი არის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ბულინგით მოკლეს იმის გამო, რომ ის სიმართლეს ყველაზე მაღლა აყენებდა. ფილმის ავტორი არის ის ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი, რომელიც გმირულად შეეწირა სააკაშვილის ავანტიურას. ამ ფილმის ავტორები არიან დევნილები, რომლებიც არიან მსხვერპლნი ამ ავანტიურის და ბოლოს ამ ფილმის ავტორი არის ქართული საზოგადოება, რომელმაც მშვენივრად იცის ყველაფერი და რომელსაც 11 წელი უკრძალავდნენ, უბრალოდ, სიმართლის თქმას,"- ამბობს ნიკა ლალიაშვილი. 

ფილმი "ჩვენ მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" ტვ იმედმა 12 აგვისტოს გამოაქვეყნა. 36-წუთიანი ფილმი რუსული პროპაგანდის გზავნილებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იძულებული გახდა, ამ ომში მონაწილეობა მიიღო. 

ფილმი ოპოზიციამ და მედია ექსპერტებმა გააკრიტიკეს. პლატფორმა Mediachecker-ი კი ფილმზე შემდეგნაირად წერს:

"უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი ერთში იმეორებს... ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას".

არხი გააკრიტიკა რუსთაელზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო მიტინგის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიმელაშვილმა: 

"იმედი უიმედოა. მოდელირებული ქრონიკის მერე რამე თუ გამაკვირვებდა, არ მეგონა. ნერვები აღარ მაქვს და თავს ვარიდებ რუსული ნარატივის მედიებს, მაგრამ ბოლოს მაინც ვუყურე ამ ფილმს და აღმოვაჩინე, რომ 2004 წელს სამაჩაბლოსთან მოგვარებული კონფლიქტი თავიდან გაგვიღვივებია, რომ საქართველო "წარმატებით ახერხებდა კრემლის პროვოცირებას", რომელიც თურმე კონფლიქტის მხარე არც არის, უბრალოდ იძულებული იყო მშვიდობის დასამყარებლად საქართველოში შემოჭრილიყო (!!!!!!)".

Facebook Twitter Email Viber WhatsApp