იზორია – ომის შესახებ "იმედის" ფილმზე: "მიუღებელია იმის თქმა, რომ რუსული ნარატივის გაგრძელებაა"

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთვის მიუღებელია იმის თქმა, რომ ტელეკომპანია "იმედის" მიერ 2008 წლის აგვისტოს ომზე მომზადებული უავტორო ფილმი რუსული ნარატივის გაგრძელებაა. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

"იმის თქმა, რომ ეს [ფილმი] იყო რუსული ნარატივის გაგრძელება, მეც ვნახე ფილმი და, ყოვლად მიუღებელია. რატომ? იმიტომ, რომ იქ ცალსახად დაფიქსირდა ფაქტი რუსული შეიარაღებული ძალების ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრისა და ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს, მაგრამ ამასთან ერთად გაცხადდა ის, რაც არაერთგზის გვითქვამს, რომ ამ კონფლიქტის და ამ ოკუპაციის, პირდაპირი ოკუპაციის, რომელზეც გვითქვამს, რომ წლების განმავლობაში მზადდებოდა რუსეთის მიერ, თავიდან აცილება გონიერი პოლიტიკით შესაძლებელი იყო, რაც არ მოხდა ”,– ამბობს თავდაცვის მინისტრი. 

ფილმი "ჩვენ მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" ტვ იმედმა 12 აგვისტოს გამოაქვეყნა. 36-წუთიანი ფილმი რუსული პროპაგანდულ გზავნილებს მოიცავს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იძულებული გახდა, ამ ომში მონაწილეობა მიიღო. 

ფილმზე პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო. 

ლალიაშვილი ამბობს, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის, ხოლო "ავტორი მერაბ მამარდაშვილია, რომელიც სიმართლის თქმისთვის ბულინგით მოკლეს". 

ფილმი ოპოზიციამ და მედია ექსპერტებმა გააკრიტიკეს. პლატფორმა Mediachecker-ი კი ფილმზე შემდეგნაირად წერს:

"უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი ერთში იმეორებს... ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას".

არხი გააკრიტიკა რუსთაელზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო მიტინგის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიმელაშვილმა: 

"იმედი უიმედოა. მოდელირებული ქრონიკის მერე რამე თუ გამაკვირვებდა, არ მეგონა. ნერვები აღარ მაქვს და თავს ვარიდებ რუსული ნარატივის მედიებს, მაგრამ ბოლოს მაინც ვუყურე ამ ფილმს და აღმოვაჩინე, რომ 2004 წელს სამაჩაბლოსთან მოგვარებული კონფლიქტი თავიდან გაგვიღვივებია, რომ საქართველო "წარმატებით ახერხებდა კრემლის პროვოცირებას", რომელიც თურმე კონფლიქტის მხარე არც არის, უბრალოდ იძულებული იყო მშვიდობის დასამყარებლად საქართველოში შემოჭრილიყო (!!!!!!)".

Facebook Twitter Email Viber WhatsApp