რუქების ქართულ–აფხაზური ომის პირველი მსხვერპლი

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევით შედგენილი რუქის ბეჭდური გამოცემის ან მსგავსი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, გავრცელება, რეკლამირება, რეალიზება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა შესაძლოა, დაისაჯოს ჯარიმით (მინიმალური - 2000 ლარი) ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე. ამჟამად საქართველოს პარლამენტში განხილვადი ამ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები დეპუტატები ირაკლი სესიაშვილი და ოთარ ჩრდილელი არიან.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, "ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო შემთხვევები, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუქები გავრცელდა, ამიტომ მიზანშეწონილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ეს ქმედება განიხილებოდეს დასჯადად და დაწესდეს სათანადო სასჯელი".

ამასთან, უცხოური, უმთავრესად რუსეთის ტუროპერატორების მიერ საქართველოს რუქის დამახინჯების გასაპროტესტებლად 21 თებერვალს, გიდების საერთაშორისო დღეს თბილისში აქცია გაიმართა. მასში საქართველოს გიდების სხვადასხვა ჯგუფებმა, ასოციაციებმა და გაერთიანებებმა მიიღეს მონაწილეობა.მათ მოუწოდეს კოლეგებს, საქართველოს რუქისა და სახელმწიფო სიმბოლიკის დამახინჯება შეწყვიტონ, ან, თუ ამას უცოდინარობით აკეთებენ, გაიარონ შესაბამისი კონსულტაციები.

როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა უკვე  წელზე მეტი ხნის წინ აღიარა და მას შემდეგ ფედერაციის ტერიტორიაზე გეოგრაფიული რუქები ამის გათვალისწინებით გამოიცემა. თუმცა როგორც ირკვევა, ამ კუთხით გამონაკლისებიც არსებობს.

კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებლებს არაერთგზის აღმოუჩენიათ რუსეთიდან შეტანილი იმგვარი რუქები, რომლებზეც ოკუპირებული აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყოფილი არ არის.

„მე პირადად სახლში მაქვს ორი დიდი ფერადი ატლასი, რომელიც რამდენიმე წლის წინ სოხუმის ერთსა და იმავე მაღაზიაში შევიძინე და მოსკოვში ერთი და იგივე გამომცემლობის მიერ არის დაბეჭდილი. პირველ მათგანზე – „მსოფლიოს უნივერსალურ ატლასზე“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკეა გამოყოფილი, ხოლო მეორეზე - „მსოფლიოს ატლასზე მოსწავლეებისთვის“ – არა. პირველი ბეჭდვაზე 2011 წელს გაუშვეს, ხოლო მეორე – 2010-ში. ჩემი ვარაუდით, აქ საქმე შესაბამისი რუსული უწყებების სიზანტეშია“, – წერს ამასთან დაკავშირებით „რადიო თავისუფლების“ სოხუმელი მიმომხილველივიტალი შარია.

ამასთან, როგორც ირკვევა, რუქებთან დაკავშირებულ გაუგებრობას ოკუპირებულ აფხაზეთში ორი უცხოელის დაკავება უკვე მოჰყვა. კერძოდ, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, გასული წლის 5 დეკემბერს რუსი და აფხაზი ძალოვანების მიერ გატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გალის რაიონში „საქართველოსთან აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით ბანგლადეშის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ნასიმ აჰმედი და ირანის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული საიად ალი დააკავეს.

აფხაზურმა მხარემ მათ წინააღმდეგ საქმე დეფაქტო სსკ–ის 324–ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფის მიიერ წინასწარი გაზრახვით სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა) აღძრა. სოხუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს 2–თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ამჟამად უცხოელები სასჯელს დე ფაქტო უშიშროების იზოლატორში იხდიან.

როგორც ირანელი და ბანგლადეშელი ტურისტები თარჯიმანთან საუბარში აცხადებდნენ, მათ „წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელწიფო საზღვარს კვეთდნენ, ვინაიდან წამოსვლამდე  ინტერნეტში ნანახ რუქაზე ამ ადგილზე არანაირი საზღვარი არ იყო აღნიშნული".

საბოლოო ჯამში, გალის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ მათ დრანდის ციხეში 2-2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მოხდის შემდეგ  მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოაძევებენ.

მოარული ხმების თანახმად, ირანელმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, თუმცა განუმარტეს, რომ "აფხაზეთში მსგავსი პროცედურა გათვალისწინებული არ არის".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისში მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა