გორის საკრებულოს წევრი: "სააკაშვილმა და პუტინმა ერთად განახორციელეს 2008 წლის ომი"

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნება“ თავმჯდომარე მიშა გოგინაშვილი  საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს წინააღმდეგ ომის წარმოებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.  

“ჯერ კიდევ 2009 წელს ვამბობდი, რომ სააკაშვილმა და პუტინმა ერთად განახორციელეს 2008 წლის ომი საქართველოს წინააღმდეგ და დააკარგვინეს ტერიტორიები. სხვათაშორის ისეთი ტერიტორიებიც, რომელზეც ვერც აფხაზეთის და ვერც ოსეთის სეპარატისტული მთავრობები წარმოდგენაშიც ვერ წარმოიდგენდნენ“, - წერს მიშა გოგინაშვილი.


ცნობისთვის: 2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება  დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. 

რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.

2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა. 

მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5–დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000–ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს "იმედმა" ეთერში გაუვა მის მიერ მომზადებული ფილმი "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" . 36-წუთიანი ფილმი რუსული პროპაგანდულ გზავნილებს მოიცავს, რომლის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იძულებული გახდა, ამ ომში მონაწილეობა მიიღო. 

ფილმზე პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო. ალიაშვილი ამბობს, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის, ხოლო "ავტორი მერაბ მამარდაშვილია, რომელიც სიმართლის თქმისთვის ბულინგით მოკლეს". 

ფილმი ოპოზიციამ და მედია ექსპერტებმა გააკრიტიკეს. პლატფორმა Mediachecker-ი კი ფილმზე შემდეგნაირადწერს:

"უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი ერთში იმეორებს... ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას".

არხი გააკრიტიკა რუსთაელზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო მიტინგის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიმელაშვილმა: 

"იმედი უიმედოა. მოდელირებული ქრონიკის მერე რამე თუ გამაკვირვებდა, არ მეგონა. ნერვები აღარ მაქვს და თავს ვარიდებ რუსული ნარატივის მედიებს, მაგრამ ბოლოს მაინც ვუყურე ამ ფილმს და აღმოვაჩინე, რომ 2004 წელს სამაჩაბლოსთან მოგვარებული კონფლიქტი თავიდან გაგვიღვივებია, რომ საქართველო "წარმატებით ახერხებდა კრემლის პროვოცირებას", რომელიც თურმე კონფლიქტის მხარე არც არის, უბრალოდ იძულებული იყო მშვიდობის დასამყარებლად საქართველოში შემოჭრილიყო (!!!!!!)". 

„იმედის“ ჟურნალისტების ნაწილი აცხადებს, რომ არ იზიარებენ არხის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. 

ლევან კვატაშიძე:

„არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“.

ნანა ლეჟავა 

„არ ვარ "ქრონიკაში", მაგრამ ვარ "იმედში"!!!  არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!  #რუსეთიოკუპანტია!                #აქიმედია".

სოფო ბერიძე:

„არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთში "პუტინის განმდევნელი" შამანის ხატი იქმნება