"ვინც საჭიროა, ყველა ჩადის, არ აკლია ვიზიტები საოკუპაციო სოფლებს"

”ქართული ოცნების” დეპუტატი აკაკი ზოიძე გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიაზაციის გაგრძელების ფაქტს "რუსეთის მორიგ პროვოკაციად" აფასებს, რომელსაც "ქართული მხარე არ უნდა აჰყვეს". 

„ძალიან ცუდი მაგალითია მსოფლიოსთვის, რაც ხდება გუგუტიანთკარში და გამოხატულება არის ძალიან ნათელი იმისა, თუ რას წარმოადგენს რუსეთი და ცდილობს, სწორედ იმ დროს, როდესაც ხედავს, მას შეუძლია დაპირისპირება გააღვივოს, სწორედ იმ მომენტში აკეთებს ამ ბორდერიზაციის და ე.წ. მცოცავი ოკუპაციის განსახორციელებლად ქმედებებს და სპეციალურ პროვოცირებაზე მიდის ჩვენი საზოგადოების, რომ კიდევ ერთხელ დაიწყოს დისკუსია და გადაბრალება, ვისი ბრალია", - ამბობს ზოიძე.

მმართველი გუნდის წევრისთვის მიუღებელია ოპონენტების კრიტიკა, რომლის თანახმად, ამ დრომდე ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არ ჩასულან და მოსახლეობას არ შეხვედრიან. ზოიძე ამბობს, რომ გუგუტიანთკარში ყველა საჭირო პირი იყო ჩასული.

„ვინც საჭიროა, ყველა ჩადის იქ... ეს ყველაფერი არის რუსეთის მიერ მოფიქრებული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, თორემ თანამდებობის პირები ჩადიან, შესაბამის პროტესტსაც აცხადებენ, ყველა დაუყოვნებლივი რეაგირება ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, პრემიერ-მინისტრის მხრიდან, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, ყველას მხრიდან, ვისგანაც შესაძლებელია და არ აკლია ვიზიტები საოკუპაციო სოფლებს“, - განაცხადა ზოიძემ.

სოფელ გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა დე ფაქტო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს.  მოსახლეობა შეშინებულია და დახმარებას ითხოვს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
iOS 13-ის განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა შექმნა