"ქვეშეთი-კობის პროექტი რეგიონის განვითარებას და წლების განმავლობაში დაუძლეველი პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს"

მიჭირს სერიოზული კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან თუ სწორად მახსოვს, 2012 წელს თავად საუბრობდა ამ გზის მშენებლობაზე, - ასე უპასუხა დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ  ჟურნალისტის შეკითხვას საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეშეთი-კობის საგზაო პროექტზე გუშინ გამოქვეყნებული faceebook-პოსტის შესახებ.

“ესაა ახალი როკის გვირაბი. 2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის. რომ არ დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა ალყაში და ჩახოცავდა ჩვენს ჯარს, როგორც რუსებმა გააკეთეს მოგვიანებით უკრაინულ ილოვაისკში 2014 წელს. ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის. ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

საგულისხმოა, რომ ამ პროექტის მნიშვნელობაზე მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის დროს საუბრობდა. 2012 წლის მარტში პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებდა:

“ახალი გვირაბის მშენებლობას, ალბათ, სამი წელიწადი დასჭირდება, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ ყაზბეგი თბილისის პატარა გარეუბანი გახდება. ეს იქნება საოცრება – თბილისზე მიბმული საოცრება”. 

ირაკლი ქარსელაძის თქმით, ქვეშეთი-კობის პროექტი მიმართულია, პირველ რიგში, რეგიონის განვითარებაზე. 

„ამ პროექტით ვცდილობთ წლების განმავლობაში დაუძლეველი პრობლემის მოგვარებას, ვგულისხმობ შეფერხებულ საგზაო მოძრაობას და უბედური შემთხვევების სტატისტიკას. შეგახსენებთ, ამ გზაზე  დევდორაკის სტიქია გვქონდა და იქაც აშენდა 1,7 კმ-იანი გვირაბი, რომელიც დღეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ იქ უკვე მსგავსი მოვლენების განვითარების შემთხვევაში აღარავინ დაიღუპოს და პირიქით, უსაფრთხოდ გადაადგილდეს. ჩვენი რელიეფიდან გამომდინარე მსგავსი ადგილები მრავლად გვაქვს და ვისურვებდი, რომ გვქონოდეს  შესაძლებლობა, რომ ყველგან ის საჭირო ინფრასტრუქტურული გავაკეთოთ, რაც ჩვენს მოსახლეობას და სტუმრებს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებ, გადაადგილებას კი დაუბრკოლებელს და კომფორტულს გახდის,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს