"კონტი ჯგუფის“ კონსორციუმიდან გასვლის ფაქტი არ არის სასიამოვნო, მაგრამ არაფერი ისეთი არ მომხდარა, რამაც შესაძლოა, კრიტიკულად დააზიანოს პროექტი“

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, კონსორციუმიდან „კონტი ჯგუფის“ (კონსორციუმის ერთ–ერთი დამფუძნებელი – ამერიკული კომპანია) გასვლის ფაქტი არ არის სასიამოვნო, მაგრამ არაფერი ისეთი არ მომხდარა, რამაც შესაძლოა, კრიტიკულად დააზიანოს პროექტი.

რაც შეეხება „კონტი ჯგუფის“ მიერ კონსორციუმის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზებს, ახვლედიანი თავს იკავებს მიზეზებზე საუბრისგან.

„კონტი ჯგუფს“ ამ ბოლო დროს ჰქონდა ძალიან პასიური როლი. დეკემბერში მათ სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს და რჩებოდნენ მხოლოდ აქციონერებად. მათ გასვლასთან დაკავშირებით საუბრები გარკვეული პერიოდი მიმდინარეობა და ეს არ დაწყებულა დღეს ან გუშინ. რა თქმა უნდა. თვითონ ფაქტი არ არის სასიამოვნო, მაგრამ არაფერი ისეთი არ მომხდარა, რამაც შესაძლოა კრიტიკულად დააზიანოს პროექტი.  მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, პროექტისთვის არის მთავარი სრტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორი და ეს არის SSA Marine“, – განაცხადა ახვლედიანმა.

ვინ ჩაანაცვლებს „კონტი ჯგუფს“, რომელიც კონსორციუმის აქციების 42%–ის მფლობელია, ახვლედიანი ჯერ–ჯერობით ამაზე საუბრისგან თავს იკავებს. 

ამასთან, ახვლედიანის თქმით, რა იქნება ანაკლიის პორტში ტვირთბრუნვის დაზღვევის ახალი მექანიზმი, რასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტუიტუტები ითხოვენ პროექტის დასაფინანსებლად, ამაზე კონსორციუმი ალტერნატიულ წინადადებას სექტემბერში წარადგენს. 

„ჩვენ გვაქვს შემუშავებული ალტერნატივა, რომლის დეტალებზე საუბრისგან ჯერ თავს ვიკავებ. ალტერნატივაზე ღიად ვისაუბრებ სექტემბერში. ეს ალტერნატივა ასევე მოიცავს მთავრობის მონაწილეობას, მაგრამ ის არ არის ის წინადადება, რომელიც პირველად იყო წარდგენილი ბანკების მიერ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალტერნატივა არის ძალიან დაბალანსებული, გაცილებით ნაკლებ მონაწილეობაზეა საუბარი მთავობის მხრიდან.  ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დავარწმუნებთ მთავრობას ამ ალეტრნატივის სისწორეში და საჭირობაში, რომ პროექტი წავწიოთ წინ“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ამასთან, ახვლედიანმა იმედი გამოთქვა, რომ  ბოლო დროს მთავრობის მიერ კონსორციუმისა და ანაკლიის პორტის პროექტის მისამართით გაკეთებული დადებითი განცხადებები სექტემბერში კონსტრუქციულ  მოლაპარაკებებში გადაიზრდება. 

შეგახსენეებთ, რომ „კონტი ჯგუფის“ მიერ კონსორციუმის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ "აქცენტი" დღეს წერდა. "აქცენტის" ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გახდა. კერძოდ, ის გარემოება, რომ მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკისა, რომ ისინი მხარს უჭერენ პროექტს და კონსორციუმს. 

მოგვიანებით, "აქცენტის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დაადასტურა.

ცნობისთვის: ანაკლიის პორტის ინვესტორი ბანკების მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი 8 მთავარი მოთხოვნიდან 7 შეთანხმდა, თუმცა შესათანხმებელი  დარჩა მხოლოდ ერთი და როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმში განმარტავენ, პრინციპული საკითხი ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევის შესახებ: პორტის ინვესტორი ბანკები ითხოვენ, “სახელმწიფომ დააზღვიოს ის სხვაობა, რაც დააკლდება კონსორციუმს, რომ ბანკებს გადაუხადოს სესხი გრაფიკის მიხედვით. მთავრობამ ეს თანხა უნდა ასესხოს კონსორციუმს, ხოლო კონსორციუმმა უნდა გადაუხადოს ბანკებს. ბანკების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კონსორციუმმა უნდა გაისტუმროს ეს სესხი, შემდეგ სუბორდინირებული სესხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ კონსორციუმის ინვესტორები მოგებას პორტიდან”, თუმცა ამ პუნქტს საქართველოს მთავრობა არ სთანხმდება.

გარდა ამისა, პრობლემურ საკითხს დაერთო კონსორციუმის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც. ცნობილია, რომ მათ 11 წლის წინანდელ ეპიზოდთან დაკავშირებით ფულის გათეთრებას ედავებიან და ამ დროისთვის გირაოს პირობებში იმყოფებიან. თავად ბრალის წარდგენის ფაქტს კრიტიკული შეფასებები მოჰყვა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან, განსაკუთრებით კი აშშ–ისა და საფრანგეთის საელჩოებიდან. მათ განაცხადეს, რომ ბრალის წარდგენის დრო და გარემოებები შეშფოთებას იწვევს, საფრანგეთის ელჩმა კი აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები საქართველოს მიმზიდველ ქვეყნად არ წარმოაჩენს. თავად ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეაფასეს. კერძოდ, მათი განმარტებით, თავად ამ სადავო ეპიზოდთან დაკავშირებით ინფორმაციის გაჟღერებამ გაართულა ინვესტორებთან მოლაპარაკებები, ხოლო ბრალის წარდგენის შემდეგ ინვესტორებთან დალაგებული ურთიერთობები ისევ საწყის წერტილზე დაბრუნების საფრთხის წინაშე დგება.        


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთში "პუტინის განმდევნელი" შამანის ხატი იქმნება