საქართველო, როგორც პრობლემური პარტნიორი და ალტერნატივა

საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტ გიორგი გობრონიძის დაკვირვებით, ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ საქართველოში სერიოზული პროექტებისადმი სანდოობა იკლებს. ამის შესახებ მან „აქცენტს“ ანაკლიის კონსორციუმიდან ამერიკული „კოტი–ჯგუფის“ გასვლის შეფასებისას განუცხადა.

რაზე მიანიშნებს კონსორციუმიდან მსხვილი აქციონერის გასვლა

„მიმდინარე პროცესები ჯამში იმას მიანიშნებს, რომ სამწუხაროდ, ჩვენთან თანდათან იკლებს სერიოზული პროექტების მიმართ სანდოობა. იგივე ანაკლიის კონსორციუმიდან 42%–იანი წილის მფლობელი რომ გადის იმის გამო, რომ ვერ მიხვდა, რა ხდება ქვეყანაში ... “მთავრობისგან მხარდაჭერა ვერ იგრძნოო“ რბილად ნათქვამია. ერთის მხრივ, მთავრობა ამბობს, რომ ეს პროექტი მათთვის პრიორიტეტულია, მეორე მხარეს კი უცნაური ამბები ხდება: რა გაკეთდა იმისთვის, რომ სახელმწიფოს მხრიდან პროექტის მიმართ რეალური მხარდაჭერა გამოჩენილიყო? კონკრეტულად სად გამოიხატა, რომ ეს პრიორიტეტული პროექტია? პრიორიტეტულ პროექტებს ქვეყნებში ასე ექცევიან? თუ ეს #1 პრიორიტეტია, თუ ეს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, საბოლოო ჯამში ამ პროექტმა უნდა განსაზღვროს ქვეყნის ეკონომიკური როლი, მაშინ ისე არ უნდა მოექცე, როგორც ექცევიან. ვხედავთ, რომ სახელმწიფო პრაქტიკულად თავადაც არაა ჩამოყალიბებული, უნდა თუ არა ეს პროექტი, მეორე მხრივ, თავად სახელმწიფოს  მიერ ძალიან ბევრი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ბადებს კითხვის ნიშნებს“,– აცხადებს გობრონიძე.

მისი თქმით, გასაგებია, რომ ანაკლიის კონსორციუმი ერთი კონკრეტული პროექტია, მაგრამ თითოეულ პროექტში არსებული ხარვეზები მიუთითებს კონკრეტულ პრობლემებზე:  

„ეს არ არის რიგითი პროექტი, არ ვაშენებდით მორიგ საშაურმეს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ ეს ადვილი გადასატანი იყოს. თავიდანვე რაღაც არასერიოზული იყო, რაც კითხვებს ბადებდა. მათ შორის გავიხსენოთ, რა მოხდა TBC–სთან მიმართებაში. შეიძლება, არსებობდა საფუძვლები, ან არა, მაგრამ, იმ სახით, იმ კონტექსტში, როგორც ეს მოხდა...ცოტა სასაცილოა ამ თემაზე საუბარი, როდესაც გაცილებით მეტი გაფლანგვა აქვს სახელმწიფოს ბევრი მიმართულებით: არაეფექტური ხარჯვის კლასიკური მაგალითების მოყვანა შეგვიძლია, თუმცა ამაზე არაფერს ამბობენ. ამ ყველაფერმა გააჩინა ეჭვი, რომ პროექტის შეჩერება  კონკრეტულ ადგილობრივ ფინანსური აქტორებთან არის დაკავშირებული. ყველაზე კარგი ვარიანტია, რომ ეს ასე იყოს. ღმერთმა არ ქნას, რომ უცხო ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება ხდებოდეს და პრობლემები ამიტომ ჩნდებოდეს. ეს საბოლოო ჯამში სახელმწიფოსთვის კატასტროფის ტოლფასია. ორივე შემთხვევაში ეს ქვეყნის იმიჯს ძალიან აზიანებს“.

უცხოელების თვალით დანახული საინვესტიციო გარემო

როგორც უსაფრთხოების სპეციალისტი ამბობს, ქვეყნის ეკონომიკაზე სერიოზული ეფექტის მომხდენი პროექტებიდან ინვესტორების გასვლა თავად საინვესტიციო გარემოს დააზარალებს:

„ჩვენ თანდათანობით დაგვიწყებენ ყურებას, როგორც არასაიმედო პარტნიორს: შემოვიდა ამერიკული ინვესტიცია, ამერიკული კომპანია, მათთვის გარემო არ აღმოჩნდა საინტერესო, დაინახეს, რომ არსებობს რისკები და გადაწყვიტეს, სჯობს, ამ ეტაპზე დატოვონ პროექტი, ვიდრე მნიშვნელოვანი ზიანი მიიღონ. სამწუხაროდ, მათი მაგალითი სამომავლოდ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე და იმიჯზე დადებითად არ აისახება. ქვეყნის მიერ მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებული პროექტიდან თუ გარბიან უცხოური კომპანიები, მაშინ უბრალო საინვესტიციო პროექტზე რა უნდა ვთქვათ? ეს კი იმას გამოიწვევს, რომ დასავლური სერიოზული კაპიტალი ჩვენთან შემოსვლისგან თავს შეიკავებს და შემოვა ისეთი ქვეყნებისგან, რომლისთვისაც მისაღებია ჩრდილოვანი ეკონომიკის პირობებში მუშაობა, კორუფციული გარიგებები, ან საერთოდ შემცირდება კაპიტალი და მივიღებთ იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი კიდევ უფრო შესუსტდება, ვიდრე არის. ერთადერთი ვარიანტია: სახელმწიფომ რეალურად უზრუნველყოს, რომ არანაკლები რეპუტაციის, მნიშვნელობის, შესაძლებლობების მქონდე დასავლური კომპანიები მოიზიდოს კონსორციუმში. არ მინდა ვინმეს ჩრდილი მივაყენო, მაგრამ რატომ მირჩევნია დასავლური ინვესტიცია პირობითად, აზერბაიჯანულს? აზერბაიჯანულ კაპიტალს ბიზნესის კეთების აზერბაიჯანული ეთიკა მოჰყვება, ისევე როგორც რუსულს. რა წესებით იციან მათ ბიზნესის კეთება, ეს საიდუმლო არავისთვის არაა და სამწუხაროდ, შემდეგ ეს ჩვენთანაც დაიმკვიდრებს ადგილს. სწორედ ეს არ გვინდა: მსგავს ვითარებაში ეკონომიკის რაღაც ნაწილი არა სახელმწიფო ბიუჯეტს და ხალხს, არამედ ვიწრო ჯგუფების გამდიდრებას მოხმარდება. სწორედ ამ რევერსიის საფრთხის წინაშე ვდგავართ, ისევე როგორც დემოკრატიული განვითარების რევერსიის“.

საქართველო, როგორც პრობლემური პარტნიორი და ალტერნატივა

მისივე შეფასებით, ჯამში მიმდინარე პროცესები ქვეყანას წარმოაჩენს პრობლემურ პარტნიორადაც მეგობარი სახელმწიფოების თვალში:  

„ჯამში ეს ყველაფერი წარმოგვაჩენს პრობლემურ პარტნიორადაც: სადღაც ემთხვევა ინტერესები, მაგრამ პრობლემურია და ძალიანაც არ უნდა გადავყვეთ თან. სამწუხაროდ, ეს საკითხები სამომავლოდ სტრატეგიული თვალსაზრისით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რაზეც არ დაგველაპარაკებიან. თუ ჩვენ მართლა გვინდა დასავლური ინტეგრაცია, ძლიერი სახელმწიფოებრიობა, თანდათან ძალიან შორს უნდა გავიდეთ რუსეთის ორბიტისგან და ამის გაკეთება ერთადერთი გზითაა შესაძლებელი – შევქმნათ მდგრადი ეკონომიკის დემოკრატიული სახელმწიფო.

პრობლემური პარტნიორის სტატუსი დაახლოებით ისე აისახება ქვეყანაზე, როგორც თურქეთზე. თურქეთი რჩება ნატო–ს წევრ სახელმწიფოდ, მაგრამ აშშ–ისთვის ქმნის ბევრ პრობლემას, ასევე პასუხობს აშშ–ც. არ ველი, რომ ჩვენსა და აშშ–ს  შორის ისე არ გაფუჭდება ურთიერთობა, როგორც აშშ–სა და თურქეთს შორის შეიძლება, გაფუჭდეს, მაგრამ ჩვენ რომ ის მხარდაჭერა დაგვაკლდეს, რასაც ვიღებთ, იგივე ფინანსური, ინსტიტუციური განვითარების, რეფორმების, სამხედრო მხარდაჭერა, ძალიან დაგვაზიანებს. ამის კომპენსირებას ჩვენ ვერ მოვახდენთ და ისინი თუ გავლენ, დარჩება ერთადერთი ალტერნატივა. მაგალითად, იგივე ანაკლიის პორტთან მიმართებაში იკვეთებოდა რუსული და ჩინური ინტერესიც.  რუსული კაპიტალის შემთხვევაში გინდ გქონია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და გინდ არა: რუსებს სურთ, შავი ზღვა თავიანთ ტბად აქციონ და ამ მიმართულებით ივლიან. მათთვის მთავარია, ყველა მარშრუტი აკონტროლონ და თუ ასე განვითარდა მოვლენები, რაღა ჩვენ გაგვამდიდრებენ? საქართველოში ზოგიერთს კი ავიწყდება, მაგრამ რუსეთის ფედერაცია ჩვენთან საომარ მდგომარეობაშია, შესაბამისად, არამგონია, მტრულად განწყობილმა სახელმწიფომ ჩვენს კეთილდღეობაზე დახარჯოს დრო და რესურსები“.

ცნობისთვის: ანაკლიის კონსორციუმი ამერიკულმა "კონტი–ჯგუფმა" (Conti International LLC) დატოვა. ცნობა თავად კონსორციუმშიც დაადასტურეს. "აქცენტის" ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გახდა. კერძოდ, ის გარემოება, რომ მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკისა, რომ ისინი მხარს უჭერენ პროექტს და კონსორციუმს. 

"რიტორიკა მხოლოდ რიტორიკად რჩება: ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლებისგან პროექტის მიმართ მხარდაჭერა ვერ იგრძნო და გადაწყვეტილებაც მიიღო",– აცნობა "აქცენტს" ინფორმირებულმა წყარომ.    

ცნობისთვის: ანაკლიის პორტის ინვესტორი ბანკების მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი 8 მთავარი მოთხოვნიდან 7 შეთანხმდა, თუმცა შესათანხმებელი  დარჩა მხოლოდ ერთი და როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმში განმარტავენ, პრინციპული საკითხი ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევის შესახებ: პორტის ინვესტორი ბანკები ითხოვენ, “სახელმწიფომ დააზღვიოს ის სხვაობა, რაც დააკლდება კონსორციუმს, რომ ბანკებს გადაუხადოს სესხი გრაფიკის მიხედვით. მთავრობამ ეს თანხა უნდა ასესხოს კონსორციუმს, ხოლო კონსორციუმმა უნდა გადაუხადოს ბანკებს. ბანკების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კონსორციუმმა უნდა გაისტუმროს ეს სესხი, შემდეგ სუბორდინირებული სესხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ კონსორციუმის ინვესტორები მოგებას პორტიდან”, თუმცა ამ პუნქტს საქართველოს მთავრობა არ სთანხმდება.

გარდა ამისა, პრობლემურ საკითხს დაერთო კონსორციუმის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც. ცნობილია, რომ მათ 11 წლის წინანდელ ეპიზოდთან დაკავშირებით ფულის გათეთრებას ედავებიან და ამ დროისთვის გირაოს პირობებში იმყოფებიან. თავად ბრალის წარდგენის ფაქტს კრიტიკული შეფასებები მოჰყვა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან, განსაკუთრებით კი აშშ–ისა და საფრანგეთის საელჩოებიდან. მათ განაცხადეს, რომ ბრალის წარდგენის დრო და გარემოებები შეშფოთებას იწვევს, საფრანგეთის ელჩმა კი აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები საქართველოს მიმზიდველ ქვეყნად არ წარმოაჩენს. თავად ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეაფასეს. კერძოდ, მათი განმარტებით, თავად ამ სადავო ეპიზოდთან დაკავშირებით ინფორმაციის გაჟღერებამ გაართულა ინვესტორებთან მოლაპარაკებები, ხოლო ბრალის წარდგენის შემდეგ ინვესტორებთან დალაგებული ურთიერთობები ისევ საწყის წერტილზე დაბრუნების საფრთხის წინაშე დგება.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, უმრავლესობა პროპორციულ სისტემაზე ვერ შეთანხმდა