„მაიდანი“ რუსულ ეკლესიაში: პუტინმა კირილს „დასვენება" ურჩია

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, პატრიარქმა კირილმა თავად შეიქმნა მძლავრი ოპოზიცია, დაითხოვა რა საკუთარი გუნდის თითქმის ყველა წევრი. 10–წლიანი (2009–2019) პატრიარქობის შემდეგ კირილის ლეგენდარული „ოცნების გუნდისგან“ თითქმის აღარაფერი დარჩა; ყველაზე კრეატიული წევრები – მამები ანდრია კურაევი, ვსევოლოდ ჩაპლინი, სერგეი ჩაპნინი ღია ოპოზიციაში გადავიდნენ, დანარჩენი დათხოვილი იერარქები კი ჩუმად იკრეფენ საპროტესტო ენერგიას, - წერს "Новая газета". 

"ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსულ ეკლესიაში ჩამოყალიბებული ხისტი ავტორიტეტული ვერტიკალი, რომელშიც გადაწყვეტილებებს ერთადერთი ადამიანი იღებს და თავად ეს გადაწყვეტილებებიც სულ უფრო ნაკლებად პროგნოზირებადი ხდება, შესაძლოა, საეკლესიო „მაიდანით“ დასრულდეს. ეს „მაიდანი“ მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებაში საპროტესტო განწყობების ზრდის პარალელურად მძლავრდება და რუსეთს მათგან, როგორც ჩანს, ვეღარაფერი დაიცავს", – წერს გამოცემა მოსკოვის საპატრიარქოში ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით

ამ კონტექსტში იგი ყურადღებას პრეზიდენტ პუტინის ამასწინანდელ საყურადღებო განცხადებაზეც ამახვილებს: პატრიარქისთვის „კირილობის“  დღესასწაულის მილოცვისას მან პატრიარქის მიმართ "ერთადერთი სურვილი“ გამოხატა – „დაისვენოს“. 

როგორც „ნოვაია გაზეტა“ აღნიშნავს, ამ დროისთვის რუსეთის უმაღლეს საეკლესიო ხელმძღვანელობაში ინტერესთა სამი ჯგუფია ჩამოყალიბებული – „ადმინისტრაციული“, „აკადემიური“ და „საგარეო პოლიტიკური“. ამ უკანასკნელში შედის, მათნ შორის, საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე ილარიონ ალფეევიც. იგი ერთადერთია პატრიარქის პირვანდელი გუნდის „მძიმეწონოსნებიდან“, რომელმაც თანამდებობა ამ დრომდე შეინარჩუნა. ამას პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერას უკავშირებენ, რომლისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა უკრაინული და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში და ვატიკანთან ურთიერთობაში. 

„ვინაიდან რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში „შიდა ვერტიკალი“, კრემლისასთან შედარებით,  კიდევ უფრო ხისტია, საეკლესიო სამოქალაქო საზოგადოებაში არა მხოლოდ მრევლი და რიგითი სასულიერო პირები, არამედ ეპისკოპატიც ერთვება. მისი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს არქიეპისკოპოსების  უსასრულო და არაფრით დასაბუთებული გადაადგილება კათედრიდან კათედრაზე, რაც კანონიკური წესითაც პირდაპირ იკრძალება. ამასთან, რიგით სასულიერო პირთა მთავარი მოთხოვნაა, უმაღლეს მმართველთა მხრიდან შეწყდეს გაუთავებელი დაყაჩაღება, კერძოდ რეგიონებში არსებული ეპარქიების ლეგალური შემოსავლის გამუდმებული მითვისება, ასევე სასწრაფოდ შეიცვალოს ვითარება, როდესაც ეკლესია დაყოფილია „პროფესიონალებზე“ და“ კლიენტებზე“, რომელთაც პირველები ფულის სანაცვლოდ ემსახურებიან. კირილის გამოისობით მოსკოვის საპატრიარქოს რეპუტაცია უკიდურესად არის დაცემული; მასობრივ შეგნებაში ეკლესია ფაქტობრივად აღარ არის გამიჯნული რეჟიმისგან და ამ უკანასკნელის ყველა შეცდომასა თუ დანაშაულზე პასუხისმგებლობას ინაწილებს. ამ ვითარებაში შესაძლოა, ამჟამინდელ სამოქალაქო პროტესტთან მიერთება ეკლესიის ჯანსაღი ნაწილისთვის ისტორიული რეაბილიტაციის ბოლო შანსი იყოს“, - დასძენს გამოცემა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ, მივაღწიეთ ჩვენს ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად"