"გეგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება"

TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გივი რაზმაძის ოჯახს, რომლის საცხოვრებელიც ოკუპანტებმა გეგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის განახლებისას მიიტაცეს, ახალ სახლს ჰპირდება, ამასთან ის ბიზნესმენებს მოუწოდებს, დაეხმარონ გამყოფ ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობას.  

„რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს – იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას. დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა. ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები. ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ. ამიტომ გეგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს – დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს. ქართული კერა არ მოიშლება, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ,  საქართველო გაერთიანდება“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 7 აგვისტოს განაახლეს, პროცესი რამდენიმე დღით შეჩერდა, თუმცა 14 აგვისტოს ისევ განახლდა. ოკუპანტებმა მოქალაქეებს სახლების დასატოვებლად და ნივთების გასატანად სამი დღე მისცეს. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო