ემუქრება თუ არა თბილისს ეპიდემიის საფრთხე – ხაბეიშვილის ბრალდება და GWP–ს განმარტება

ენმ–ის წევრ ლევან ხაბეიშვილის ცნობით, თბილისის ზღვაში, საიდანაც მოსახლეობის 30% სასმელი წყლით მარაგდება, ფეკალიები ჩაედინება, შესაბამისად, თბილისი ეპიდემიის გავრცელების საფრთხის წინაშე დგას. 


თბილისის საკრებულოს დეპუტატები ოპოზიციიდან ამ საკითხს 16 აგვისტოს  საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზეც დააყენებენ, მანამდე კი შესაბამის სამსახურებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.  


“10 მეტრში არის ფეკალიები, ოდნავ მოშორებით კი თბილისის ზღვა. ეს ფეკალიები დაკავშირებულია თბილისის ზღვასთან და თბილისელები სვამენ ფეკალიებით მოწამლულ წყალს. თბილისის მერ მოვუწოდებ, შესაბამისი სამსახურები გამოუშვან აქ, სასწრაფოდ აიღონ სინჯები, იმიტომ, რომ ეს არის ეკოლოგიური კატასტროფა, ეს არის ეპიდემიის საფრთხე და ის რაც ახლა აქ ხდება, დაუშვებელია. კანალიზაცია პირდაპირ მიერთებულია თბილისის ზღვასთან და ამის ნახვა ერთი თვალის მოვლებითაც შესაძლებელია,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კატეგორიულად არ ეთანხმება აღნიშნულ ინფორმაციას და ირწმუნება, რომ მოსახლეობას ხარისხიანი წყალი მიეწოდება. 

როგორც GWP განმარტავს, თბილისის ზღვის წყალსაცავი უწყვეტად მარაგდება მდინარე არაგვის წყლით და მუხრანის ველის ჭაბურღილებთან, ნატახტრის, ბულაჩაურის წყალშემკრებებთან და ჟინვალის წყალსაცავთან ერთად მონაწილეობას იღებს თბილისის სასმელი წყლით მომარაგებაში. თბილისის ზღვაზე ნედლი წყლის მოპოვება ტუმბო-აგრეგატების საშუალებით ხდება წყალაღებისთვის განსაზღვრული სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიებიდან, სტანდარტებით განსაზღვრული სიღრმის დაცვით.

“ნედლი წყალი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სათავე ნაგებობაზე გადის დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, ფილტრაციას, წყლის გაუსნებოვნებას, ლაბორატორიულ ხარისხის კონტროლს, რის შემდეგაც გამანაწილებელი ქსელის საშუალებით თბილისის მოსახლეობას მიეწოდება.

სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24 საათის განმავლობაში მოწმდება სათავე ნაგებობებზე განთავსებული ჯივიპის ლაბორატორიების მიერ, რომლებიც აკრედიტირებულია სსტ ისო/იეკ 17025:2010 სტანდარტის შესაბამისად.

თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და საქართველოს ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ყველა წყალაღების წერტილს, მათ შორის თბილისის ზღვის წყალაღების ტერიტორიას მუდმივად ამოწმებს გარემოს დაცვის სააგენტო. რაც შეეხება სასმელი წყლის ხარისხს, რეგულარულად კონტროლდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ“, - ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში სასმელი წყალი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს სრულად შესაბამისობას იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო.

უწყების ცნობით, სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სასმელი წყლის შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს. მონიტორინგის შედეგები სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკრეტული მუნიციპალიტეტისა და სხვა უწყების ინფორმირება ხდება.

“2018-2019 წლებში, სასმელი წყლის მონიტორინგის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა დედაქალაქში სასმელი წყლის 63 სინჯი აიღეს, რომლის კვლევაც აკრედიტებულ ლაბორატორიაში განხორციელდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო სასმელი წყლის შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო