სეულსა და თბილისს შორის ჩარტერული ავიარეისები დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის შესრულების თაობაზე კორეის რესპუბლიკის ავიაკომპანიის „კორეან ეარ“ (Korean Air) განაცხადი დააკმაყოფილა. 

კორეული ავიაკომპანია სეულსა და თბილისს შორის პირდაპირ ჩარტერულ რეისებს მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე განახორციელებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 30 მაისს, 13 ივნისს, 27 ივნისსა და 11 ივლისს, „ეარბუს ეი330“ (Airbus A330) ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ჩარტერული რეისები საქართველოში ტურისტების ჩამოყვანას მოემსახურება.

„კორეან ეარ“ (Korean Air) 44 ქვეყნის 124 მიმართულებით ოპერირებს. კომპანიამ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ჩარტერული ოპერირება 2018 წელს დაიწყო. შარშან ავიაკომპანიამ სეული-თბილისი-სეულის საჰაერო ხაზზე ორი ჩარტერული ფრენა განახორციელა.


 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp