11 წლის წინ, 16 აგვისტოს ახალგორში ოსი სამხედროები შევიდნენ

11 წლის წინ, 16 აგვისტოს ახალგორში ოსი სამხედროები შევიდნენ. დღეს იმ მოვლენებსა და იმ დღეების გმირებს - როგორც ქართველებს, ისე ოსებს - ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი იხსენებს.

„16 აგვისტოს დაბაში პირველად შემოვიდნენ ოსი სამხედროები და დაიკავეს ადმინისტრაციული შენობები. დაბაში მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი იყო. ხელისუფლება წინა საღამოს წავიდა. ომი ჩვენთან არ ყოფილა.

ჩემთვის გმირობის მაგალითები იმ დღეებიდან არიან ახალგორის ბავშვთა სახლის დირექტორი ოლია მწითური თავისი ყველა თანამშრომლით, რომლებმაც სამსახური, ბავშვები არ მიატოვეს და დარჩნენ. დღემდე მიკვირს, ხელისუფლებამ ბავშვების გაყვანა რომ არ იფიქრა, როცა საკუთარი ოჯახები უსაფრთხოების მიზნით გაჰყავდა. ოლია მწითური დღე და ღამ ბავშვთა სახლში ცხოვრობდა, როგორც მისი თანამშრომლები და ასე შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა. 

მეორე - გელას პურის საცხობი. ერთი დღით არ დაკეტილა. მეპატრონეც მცხობელებთან იყო და აცხობდნენ პურს. იმ დღეებში სადილებს არავინ აკეთებდა, პური და რაც სახლში ან ბაღში იყო იმას ვჭამდით.

მესამე - ჩვენი საავადმყოფოს ექიმები- ზაურ მარგიევი, ეთერი ჩერტკოევა და ნოდარი ოვაშვილი და ექთნები. ახლომახლო სოფლებში ფეხით დადიოდნენ გამოძახებებზე. 

მასწავლებლებლები, რომლებმაც სკოლები არ დატოვეს.

ყველა ადგილობრივი ეთნიკური ოსი, რომლებიც გვაიმედებდნენ, ეძებდნენ სამხედროებში საერთო ნაცნობს ან ნათესავებს, ჩვენს გვერდით იყვნენ და ასე გვიცავდნენ. მშვიდობას გაუმარჯოს!“, – წერს მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს