პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯევრდებული დეკანოზის, მამა გიორგი მამალაძის ოჯახი მის შეწყალებას ითხოვს. გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასულიერო პირის საპატიმროდან გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტს უკვე მიმართეს. 

უფლებადამცველები ყურადღებას სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამახვილებენ, რომელიც მათი თქმით, კრიტიკულია და ის დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს. 

„დღევანდელი შეწყალების მოთხოვნის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე არის. 6 თვეზე მეტია, რაც ასე ვთქვათ, მარჯვენა კიდურები გაჩერებული არის და მარჯვენა ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებს, მას დამოუკიდებლად ეტლითაც კი არ შეუძლია გადაადგილება. აქედან გამომდინარე, სამედიცინო პერსონალის და პროფესიონალების პირდაპირი კონსულტაციის შემდგომ რჩევა და მითითება იყო, რომ შეუძლებელია მისი სრულყოფილი გამოჯანმრთელება პატიმრობაში ყოფნის პირობებში, იმიტომ, რომ მას მრავალმხრივი მკურნალობა სჭირდება და პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში  ელემენტარული პირობებიც კი არ არის, რომ მინიმუმ მას ხელი და ფეხი აუმოძრავდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რათა შეწყალებულ იქნას დეკანოზ გიორგი მამალაძე და ასევე, ჩვენ მივმართავთ საქართველოს საპატრიარქოს და ასევე, რა თქმა უნდა, მის წინამძღოლს უწმინდეს ილია მეორეს, რათა იშუამდგომლოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომ შეწყალებული იქნას დეკანოზ გიორგი მამალაძე,“- განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით ადვოკატებმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ერთხელ უკვე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. საკითხზე 18 თებერვალს გააკეთა კომენტარი ახალმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც კითხვა სწორედ მამალაძის შეწყალებაზე დაუსვეს.

„მე სხვანაირად ვფიქრობ საერთოდ შეწყალებაზე. მაქვს ჩემი კონცეფცია. არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი. მე წარმოდგენა მაქვს, რომ შეწყალების დისკრეციული უფლება, უნდა იყოს განსაკუთრებული და ძალიან გარკვეულ პირობებში. მე არ გაძლევთ პასუხს კონკრეტულ საკითხზე, გეუბნებით ზოგადად. ამ თემაზე მექნება ვრცელი გამოსვლა, როცა გამოვალ პარლამენტის წინაშე და ავხსნი, თუ როგორ ვხედავ, როგორი როლი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს და როგორი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ“, – განაცხადა მაშინ ზურაბიშვილმა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შეწყალების სკანდალი: რას ემსახურება იუსტიციის მინისტრის განცხადებები