„ანაკლიის პორტს შეუძლია, საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს”

საქართველოში აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბედ რუდის განცხადებით,  „ანაკლიის პორტს შეუძლია, იყოს ეკონომიკის სფეროში საქართველოსა და აშშ-ის შორის ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი”:

„ანაკლიის პორტი აძლიერებს საქართველოს, როგორც სავაჭრო-სატრანსპორტო ჰაბის პოტენციალის გამოყენებას. გვჯერა, რომ ეს პროექტი უნდა შესრულდეს ამერიკული ინვესტიციით, რადგან მას შეუძლია იყოს ეკონომიკის სფეროში საქართველოსა და აშშ-ის შორის ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი”.

ცნობისთვის: ანაკლიის კონსორციუმი ამერიკულმა "კონტი–ჯგუფმა" (Conti International LLC) დატოვა. ცნობა თავად კონსორციუმშიც დაადასტურეს. "აქცენტის" ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გახდა. კერძოდ, ის გარემოება, რომ მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკისა, რომ ისინი მხარს უჭერენ პროექტს და კონსორციუმს. 

"რიტორიკა მხოლოდ რიტორიკად რჩება: ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლებისგან პროექტის მიმართ მხარდაჭერა ვერ იგრძნო და გადაწყვეტილებაც მიიღო",– აცნობა "აქცენტს" ინფორმირებულმა წყარომ.    

ცნობისთვის: ანაკლიის პორტის ინვესტორი ბანკების მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი 8 მთავარი მოთხოვნიდან 7 შეთანხმდა, თუმცა შესათანხმებელი  დარჩა მხოლოდ ერთი და როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმში განმარტავენ, პრინციპული საკითხი ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევის შესახებ: პორტის ინვესტორი ბანკები ითხოვენ, “სახელმწიფომ დააზღვიოს ის სხვაობა, რაც დააკლდება კონსორციუმს, რომ ბანკებს გადაუხადოს სესხი გრაფიკის მიხედვით. მთავრობამ ეს თანხა უნდა ასესხოს კონსორციუმს, ხოლო კონსორციუმმა უნდა გადაუხადოს ბანკებს. ბანკების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კონსორციუმმა უნდა გაისტუმროს ეს სესხი, შემდეგ სუბორდინირებული სესხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ კონსორციუმის ინვესტორები მოგებას პორტიდან”, თუმცა ამ პუნქტს საქართველოს მთავრობა არ სთანხმდება.

გარდა ამისა, პრობლემურ საკითხს დაერთო კონსორციუმის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც. ცნობილია, რომ მათ 11 წლის წინანდელ ეპიზოდთან დაკავშირებით ფულის გათეთრებას ედავებიან და ამ დროისთვის გირაოს პირობებში იმყოფებიან. თავად ბრალის წარდგენის ფაქტს კრიტიკული შეფასებები მოჰყვა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან, განსაკუთრებით კი აშშ–ისა და საფრანგეთის საელჩოებიდან. მათ განაცხადეს, რომ ბრალის წარდგენის დრო და გარემოებები შეშფოთებას იწვევს, საფრანგეთის ელჩმა კი აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები საქართველოს მიმზიდველ ქვეყნად არ წარმოაჩენს. თავად ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეაფასეს. კერძოდ, მათი განმარტებით, თავად ამ სადავო ეპიზოდთან დაკავშირებით ინფორმაციის გაჟღერებამ გაართულა ინვესტორებთან მოლაპარაკებები, ხოლო ბრალის წარდგენის შემდეგ ინვესტორებთან დალაგებული ურთიერთობები ისევ საწყის წერტილზე დაბრუნების საფრთხის წინაშე დგება.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა