20–21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულებს სპეციალური ორგანიზაცია დაეხმარება

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის კოტე კემულარიას განცხადებით, მათ მიერ ჩამოყალიბდა „20 ივნისის მოძრაობა – პოლიტპატიმრები“, რომელსაც უერთდებიან ოპოზიციური პარტიები, იურისტები და სხვა მოქალაქეები.

როგორც კოტე კოემულარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მოძრაობა 20-21 ივნისს დაკავებულებს დაიცავს და დაზარალებულებს სამართლებრივად უანგაროდ დაეხმარება.

„გუშინ მოვისმინეთ ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ ვერ მოიპოვა ნდობა იმ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელსაც აწარმოებს ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილე 19 ახალგაზრდის მიმართ. ვერ მოიპოვა ნდობა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, რომელიც გამოგონილი ბრალდებებით არის ​დაკავებული, ვერ მოიპოვა ნიკა მელიას მიმართ, რომელიც გამოკეტილია სახლში გამოგონილი ბრალდებით. პრაქტიკულად ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. საქმეს სწავლობენ საერთაშორისო ორგანიზაციები. მე კოტე კემულარია ჩავუდგები სათავეში ამ მოძრაობას, რომელიც არის ზეპარტიული, არაპოლიტიკური. ჩვენ ყველა ოპოზიციურ პარტიაში გვაქვს კონსულტაციებს. ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას ყველა დასაცავად“, – განაცხადა კემულარიამ.

ცნობისთვის: შსს-მ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია და "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი. მათ ორგანიზებულ ძალადობას ედავებიან. 

რა მოხდა 20-21 ივნისს

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შეწყალებს სკანდალი: რას ემსახურება იუსტიციის მინისტრის განცხადებები