ელჩები მავთულხლართებთან და ადგილობრივების თხოვნა

გუგუთიანთკარში განვითარებული მოვლენების შედეგებს საქართველოში მყოფი უცხოელი დიპლომატები პირადად გაეცნენ. ვითარება ადგილზე მათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ გააცნო. 

დარასალიას განცხადებით მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს არამარტო ის, თუ რა არის ოკუპაციის შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე, არამედ ისიც, თუ როგორ აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას. ლაშა დარსალიას ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი. პირველი და მეორე პირები, მათ შორის 8 ელჩია.

„მოგეხსენებათ, საოკუპაციო ძალებმა განაახლეს ბორდერიზაციის პროცესი. როგორც კი მივიღეთ ეს ინფორმაცია, სახელმწიფომ აამუშავა შესაბამისი მექანიზმები. პირველ რიგში, გააქტიურდა ცხელი ხაზი და შესაბამისი კომუნიკაცია მოხდა. დავუკავშირდით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ასევე დავუკავშირდით ჟენევის თანათავმჯდომარეებს და მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. შემდეგ მოხდა დიპლომატიური კორპუსის ორგანიზება და შეხვედრა გავმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამის შემდგომ დავგეგმეთ, რომ უშუალოდ ადგილზე გაგვეცნო მათთვის სიტუაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს, რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და ნახონ არამარტო ის, თუ რა არის ოკუპაციის შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე, არამედ ისიც, თუ როგორ აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას. ეს იყო ის მთავარი, რაც დიპლომატებმა თავისი თვალით ნახეს. ყველა დიპლომატიური უწყების წარმომადგენელია მოსული, ვინც თბილისში იყო,“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

თავიანთი შეშფოთება გამოთქვეს ელჩებმაც და მიმდინარე პროცესი დაგმეს.

"უკრაინელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას. უკრაინა ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოდან და უკრაინიდან, ასევე შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა პეტრო ბოგდანმა.

იაპონიის ელჩის ტადაჰარუ უეჰარას განცხადებით, იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის მცდელობას. 

“ნამდვილად შეშფოთებული ვარ არსებული ვითარებით. იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას. ოჯახების გაყოფა ძალიან სერიოზული პრობლემაა. ასე რომ, ნამდვილად მესმის და დიდი თანაგრძნობა მაქვს დაზარალებული ოჯახების მიმართ. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე გამოსწორდება”, - განაცხადა ტადაჰარუ უეჰარამ.

ევროკავშირის ელჩის მოადგილის კარლო ნატალეს განცხადებით, "ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციით და ამ საკითხზე რეაგირებისთვის ვმუშაობთ ყველა შესაძლო პლატფორმაზე": 

„ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციით, ამ კონკრეტულ საქმეში ჩვენ ვხედავთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის რისკს და ეს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ამის გამო. ჩვენ ამ საკითხზე რეაგირებისთვის ვმუშაობთ ყველა შესაძლო პლატფორმაზე, მათ შორის ჟენევაში. ვფიქრობ საქართველოს რეაგირება მტკიცეა და ჩვენ აქ დღეს მოვედით, რათა საქართველოს მთავრობისადმი სოლიდარობა გამოგვეცხადებინა“.

მოვლენები უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოში ესტონეთის ელჩ კაი კაარელსონისთვის. 

„როგორც იცით, ესტონეთი საერთაშორისო სამართლის, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. რა თქმა უნდა, მოვლენები, რომლებსაც დღეს აქ ვუყურებთ, უკიდურესად შემაშფოთებელია არა მხოლოდ პოლიტიკური შედეგების გამო, რაც მცოცავ ანექსიას გულისხმობს, არამედ ასევე ჰუმანიტარული კუთხითაც“, – განაცხადა კაი კაარელსონმა.

კითხვაზე, საკმარისია თუ არა საქართველოს მთავრობის მოქმედებები, ელჩმა აღნიშნა: „ჩემთვის ძალიან  რთულია იმის შეფასება, თუ რა ნაბიჯები უნდ გადადგას საქართველოს მთავრობამ. ვფიქრობ, რომ საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების სრული ყურადღება“.

გუგუტიანთკარში სადაც, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმყოფებოდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი მცხოვრებლებიც მივიდნენ. ისინი საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ, მათ შორის საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარების თვალსაზრისით. ამასთან, სთხოვენ, რაც შეიძლება ფართო საზოგადოებას მიაწვდინონ მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

„გვინდა საქართველო ქართველების ხელში იყოს ერთად, თანადგომით. გვინდა მსოფლიოს მიაწვდინოთ ხმა, ჩვენ რა სატანჯველში ვართ. ტყვედ ვიყავი აყვანილი, რუსული ჩექმა მომხვდა, მაწამეს, მაგრამ სოფელი არ დამიტოვებია. არც ახლა დავტოვებ, მაგრამ რა ვუთხრა შვილებს და შვილიშვილებს თუ არ დავეხმარებით? მიაწვდინეთ მსოფლიოს ხმა. აქ მაქვს ჩემი დამწვარი სახლი და იქ შვილიშვილები ვერ შემყავს“,- განაცხადა ერთ–ერთმა ადგილობრივმა.

დღის ბოლოს მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ

“ჩემი თხოვნით, იქ იმყოფებოდა როგორც ქეთევან ციხელაშვილი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. დღეს ადგილზე იყო ჩასული დიპლომატიური კორპუსი და სამწუხაროდ, ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, როგორ აგრძელებს რუსეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, სამწუხაროდ გრძელდება ე.წ ბორდერიზაციის პროცესი. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, აღმოვუჩინოთ დახმარება და მინდა დავარწმუნო საქართველოს მოქალაქეები, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გვერდში ამოვუდგეთ ამ ხალხს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოკუპაცია და ე.წ ბორდერიზაცია არის ძალიან მტკივნეული პროცესი და ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის სრული კონსოლიდაცია იმისთვის, რომ ამას წინ აღვუდგეთ. სწორედ ამას ემსახურება ის, რომ პირველივე დღიდან ყველა საერთაშორისო ფორმატს ვიყენებთ, რომ მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის კონსოლიდაცია, რათა როგორმე შევაჩეროთ ეს მტკივნეული პროცესი. რის საფუძველზე ამბობთ, რომ ეს საკითხი რომელიმე ფორმატში კრიტიკულად არ დავსვით?! რამდენიმე დღის წინ გაეროში ჩატარდა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელზეც იმსჯელეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. გაეროს ტრიბუნა არის ყველაზე მაღალი ტრიბუნა, სადაც ეს პრობლემა შეიძლება დაისვას. თქვენ აგრძელებთ დეზინფორმაციის კამპანიას. ჩვენი უწყებები პირველივე დღიდან იყვნენ იქ და იმყოფებოდნენ ჩვენი მოქალაქეების გვერდით”.

ქართული მხარის რეაქციას გუგუტიანთკარგში მიმდინარე პროცესებზე ცინიკური უწოდა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა და განაცხადა, რომ საქართველო ლაფში სვრის რუსეთსა და მის მოკავშირეებს". 

„საქართველო სარგებლობს საერთაშორისო ტრიბუნასთან წვდომით და ლაფში სვრის რუსეთს და მის მოკავშირეებს - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკებს. იქ, სადაც ჯერ არ არის სასაზღვრო ბარიერი, ხშირად ხდება საზღვრის დარღვევა, მათ შორის პირუტყვის მიერ, რომელიც პოლიტიკაში საერთოდ ვერ ერკვევა და საქართველოს მხარე არასდროს ცდილობს, მიიღოს ზომები ოსების კუთვნილი პირუტყვის დასაბრუნებლად. საზღვრის მონიშვნის არარსებობის გამო ზარალდებიან ადგილობრივი მცხოვრებლები. საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აკვირდებიან სამუშაოებს გუგუტიანთკარის შემოგარენში, კარგად არის ცნობილი, რომ ოსი მესაზღვრეები საზღვრის მონიშვნის სამუშაოების წარმოებისას ითვალისწინებენ ადგილობრივ მოსახლეობის ინტერესებს და არსად, ერთი მეტრითაც კი არ გადადიან საქართველოს მხარეზე. ეს არის საქართველოს მორიგი პიარ-აქცია რომ დასავლეთის სახელმწიფოებმა ის არ დაივიწყონ“, - დასძინა ჯიოევმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ, მივაღწიეთ ჩვენს ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად"