სააკაშვილი – "იმედის" ფილმზე: "კლინიკურ იდიოტებზეა გათვლილი"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია "იმედის" მიერ 2008 წლის აგვისტოს ომზე მომზადებულ უავტორო ფილს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ბრალდება, თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი იმის გამო, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია მქონდა შერყეული, გათვლილია კლინიკურ იდიოტებზე და უბრალოდ სკლეროზიან ადამიანებზე".

„ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და შემიძლია, ზუსტად მოგიყვეთ, რა მამოძრავებდა, რა იყო მიზეზები – ეს არაერთხელ მომიყოლია, მაგრამ ის ბრალდება, თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი იმის გამო, რომ მე მქონდა შერყეული პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, გათვლილია კლინიკურ იდიოტებზე და უბრალოდ სკლეროზიან ადამიანებზე: 2007 წელს ჩვენ წინააღმდეგ მართლაც იყო გამოსვლები, მე გადავდექი, განსხვავებით ამათგან და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები მოვიგეთ და შემდეგ რამდენიმე თვეში, ვისაც არ ახსოვს, მინდა შევახსენო, მოვიგეთ უზარმაზარი უპირატესობით საპარლამენტო არჩევნები და გვქონდა ერთპიროვნული კონსტიტუციური უმრავლესობა და ჩვენს ხელისუფლებას საერთოდ არაფერი ემუქრებოდა. სწორედ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამოწურა ყველა საშუალება შიდადესტაბილიზაციის, პროვოკაციის, ყველაფერ ამის შემდეგ, როცა ჩვენ განვიმტკიცეთ ხელისუფლება, პუტინმა გადაწყვიტა საქართველოზე თავდასხმა. ჩვენ კი არ დავესხით რუსეთს თავს, იმიტომ რომ ხელისუფლება შეგვერყა, პირიქით, იმის გამო, რომ განვამტკიცეთ ხელისუფლება, რუსეთმა გადაწყვიტა ჩვენზე თავდასხმა. ეს არის სიმართლე, მაგრამ მე მათაც მინდა ვუთხრა, ვისაც ეს გონია შემთხვევითობა და ვიღაცის თვითშემოქმედება. ხაბურზანია იყო პუტინის კაცი, მე ეს პუტინმა მითხრა პირადად, ლალიაშვილი იყო მისი მარჯვენა ხელი. ლალიაშვილი, რა თქმა უნდა, რუსეთთან არის კავშირში, ისევე როგორც ამ დღეებში ვოლსკი რომ აქტიურობს, ეს იყო თავის დროზე საქართველოს დიპლომატიურ მისიაში, გაეროში ჩანერგილი, ასევე „კაგებეშნიკ“ პეტრე ჩხეიძის მიერ და იყო „კაგებეს“ წარმომადგენელი საქართველოს საგარეო სამსახურში. ეს ვიცით ყველამ, ვისაც საქმესთან გვქონია შეხება და ეს ხალხი აქტიურობს დღეს. ეს ფილმი არის რუსული დავალება და მას აქვს კონკრეტული ორი მიზანი: რუსეთი ამზადებს საფუძველს და ეს უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ უახლოეს კვირებში და თვეებში, მას შემდეგ, რაც იმუშავა წულუკიანმა ივანიშვილის დავალებით, ქართულ სამხედროებს წაუყენონ ჰააგის სისხლის სასამართლოში ბრალი. წულუკიანი ამაზე ძალიან ბევრს მუშაობს და ძალიან უნდა, რომ ეს მოხდეს და ამისთვის ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს. საერთაშორისო თანამეგობრობას უნდათ აჩვენონ, რომ ეს არის საზოგადოებრივი აზრი, ეს არის პირველი საფუძველი, ჰააგაში საქართველოს გამტყუნება და მეორე საფუძველი, რასაც ამზადებს პუტინი, არის ე.წ „სამხრეთ ოსეთის“ და სინამდვილეში შიდა ქართლის ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ, მათ მიერ ჩვენი ტერიტორიის საბოლოოდ მიტაცება. ეს არის რისთვისაც ემზადებიან და რისთვისაცაა გაკეთებული ეს ფილმი. მე მიხარია, რომ ქართული საზოგადოება იღებს ხმას, ასეთ რაღაცას ივანიშვილი და მისი პატრონები უკვე ვეღარ გვახვევენ თავს“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის: ფილმი "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" ტელეკომპანია "იმედმა" 12 აგვისტოს გამოაქვეყნა. 36-წუთიანი ფილმი რუსული პროპაგანდულ გზავნილებს მოიცავს, რომლის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იძულებული გახდა, ამ ომში მონაწილეობა მიიღო. 

ფილმზე პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო.

ლალიაშვილი ამბობს, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის, ხოლო "ავტორი მერაბ მამარდაშვილია, რომელიც სიმართლის თქმისთვის ბულინგით მოკლეს". 

ფილმი ოპოზიციამ და მედია ექსპერტებმა გააკრიტიკეს. პროტესტი სოციალურ ქსელში 15 აგვისტოს გამოხატა "უმედის" თანამშრომელთა ნაწილმა. პლატფორმა Mediachecker-ი კი ფილმზე შემდეგნაირად წერს:

"უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი ერთში იმეორებს... ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას".

ამ დროისთვის ფილმი  “იმედის” ფეისბუქ–გვერდიდან წაშლილია.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შეწყალებს სკანდალი: რას ემსახურება იუსტიციის მინისტრის განცხადებები