Bloomberg: “ირანისა და ვენესუელის მიმართ ამერიკულმა სანქციებმა რუსეთი გაამდიდრა”

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გასულ და მიმდინარე წელს ირანისა და ვენესუელისთვის დაწესებულმა სანქციებმა რუსულ ნავთობზე მოთხოვნის ზრდა და, შესაბამისად,ე ნერგორესურსების რუსი  ექსპორტიორების გამდიდრება გამოიწვია. ამას მოწმობს სააგენტო Bloomberg-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგები. ამასთან, ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ აშშ რუსულ ბიუჯეტს “არამიზანმიმართულად” დაეხმარა.

გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარე წლის მაისამდე რუსეთის ნავთობკომპანიებმა ორი ქვეყნის მიმართ სანქციების წყალობით სულ მცირე, 905 მლრდ დოლარის დამატებითი შემოსავლები მიიღეს, - დაითვალა Bloomberg-მა. 

მისი განმარტებით, სანქციების გამო მსოფლიო ბაზარზე ე.წ. მძიმე ნავთობის დეფიციტი წარმოიშვა, რის შედეგადაც Urals-ის მარკის  რუსულ ნავთობზე მოთხოვნა გაიზარდა. შედეგად მიმდინარე წლის გაზაფხულზე მსოფლიო ბაზარზე Urals ნავთობი Brent მარკისაზე უფრო ძვირი გახდა, მაშინ, როცა ტრადიციულად, Brent ნავთობის ერთი ბარელი რამდენიმე დოლარით მეტი ღირდა. სადღეისოდ კი მათი ფასები დაახლოებით ერთნაირია – დაახლოებით 60 დოლარი.

ამასთან, ნავთობის რუსი ექსპორტიორების დამატებითი შემოსავლების თანხის შეფასებაში არ არის გათვალისწინებული ის ეფექტი, რომელიც ირანისა და ვენესუელის წინააღმდეგ სანქციებმა Brent-ტიპის ნავთობის ფასზე მოახდინა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ სანქციების გამო რჩება იგი  შედარებით მაღალ ნიშნულზე.

ცნობისთვის: იანვარში, მას შემდეგ, რაც ხუან გუაიდო ქვეყნის დროებით მმართველად აღიარა, ხოლო ნიკოლას მადურო – უზურპატორად, ვაშინგტონმა ვენესუელის სანავთობო სექტორის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. მაისში გამკაცრდა სანქციები ირანის წინააღმდეგ. კერძოდ, აშშ-მა მას სრული სანავთობო ემბარგო დაუწესა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ერდოღანსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა