გორის მერის განცხადება პროტესტის მიზეზი გახდა: „გონიოში ოკუპაციას ვერ გრძნობთ?“

გორის მერიის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს და ამ ფორმით გააპროტესტეს მერის განცხადება, მაღალჩინოსნებს კი გუგუტიანთკარში ჩასვლასა და მოსახლეობის პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდეს. კერძოდ, იმ დროს, როდესაც ოკუპანტები გუგუტიანთკარში მავთულხლართებს ავლებდნენ და ოჯახები საცხოვრებელი სახლების გარეშე რჩებოდნენ, გორის მერი შვებულებაშია და შვებულების შეწყვეტას არც აპირებს. მან qartli.ge-ს განუცხადა, რომ ოკუპაციის მორიგ მსხვერპლ სოფელში შვებულების შემდეგ ჩავა.

"ჩემი მოადგილე ყოველდღე ადგილზეა და მიმიდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურსში ვარ. კვირას მეწურება შვებულება და რომ ჩამოვალ შევხედავ, რა სიტუაცია იქნება და მეც ჩავალ გუგუტიაანთკარში,“-განუცხადა გამოცემას გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

სწორედ ამ კომენტარმა აღაშფოთა აქტივისტები. „სირცხვილია!“, „რა დროს დასვენებაა“, „გონიოში ოკუპაციას ვერ გრძნობთ?“, „დასვენას როგორ ახერხებთ, ხალხი მშობლიურ მიწებს კარგავს“, - ამ შინაარსის პლაკატებით მივიდნენ მოქალაქეები მერიის შენობასთან და საკუთარი პროტესტიც გამოხატეს. 

აქცია სასტვენების ფონზე წარიმართა. მათ მერიის შენობის ფასადზე, სადაც უწყების აბრაა განთავსებული, გააკრეს სტიკერები წარწერით „საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“.

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს გუგუტიანთკარში "ბორდერიზაციის" პროცესი განახლდა, 8 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პროცესი სეჩერდა, თუმცა 14 აგვისტოს განახლდა და დასრულდა კიდეც. შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ადგილობრივების ნაკვეთები და ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლებიც. ოკუპანტებმა მათ სამდღიანი ვადა მისცეს სასურველი ნივთების გასატანად. ამ დროისთვის მოქალაქეები საკუთარ სახლებს თავად შლიან, რადგან სამ დღეში ტერიტორიაზე წვდომის უფლება აღარ ექნებათ. დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, მათ შორის ელჩები. 

იხილეთ ასევე: ელჩები მავთულხლართებთან და ადგილობრივების თხოვნა

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა