პოლონეთის საგარეო პოლიტიკური უწყება რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებით მიმართავს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გიგიტიანთკარგში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ პროცესი არა მხოლოდ ამძიმებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას, არამედ საფრთხეს უქმნის სტაბილურობას. 

„2011 წლიდან მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი სასტიკად აისახება საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობაზე. ამის შედეგად იზღუდება ადამიანებისა და საქონლის თავისუფალი გადაადგილება. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ განხორციელებული მორიგი უკანონო ქმედება არა მხოლოდ ართულებს ისედაც საშინელ ჰუმანიტარულ სიტუაციას, არამედ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პოლონეთის საგარეო პოლიტიკური უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყონებლივ შეწყვიტოს თავისი უკანონო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის კონფლიქტამდელ პოზიციებზე ძალების გაყვანა, საქართველოს რეგიონების ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების უკან გახმობა და რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავი შეშვება.

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს გუგუტიანთკარში "ბორდერიზაციის" პროცესი განახლდა, 8 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პროცესი შეჩერდა, თუმცა 14 აგვისტოს ისევ განახლდა და დასრულდა კიდეც. შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ადგილობრივების ნაკვეთები და ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლებიც. ოკუპანტებმა მათ სამდღიანი ვადა მისცეს სასურველი ნივთების გასატანად. ამ დროისთვის მოქალაქეები საკუთარ სახლებს თავად შლიან, რადგან სამ დღეში ტერიტორიაზე წვდომის უფლება აღარ ექნებათ. დღეს ადგილზე იმყოფებოდნენ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, მათ შორის ელჩები. 

იხილეთ ასევე: ელჩები მავთულხლართებთან და ადგილობრივების თხოვნა

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა