მართლმადიდებლები და რუსეთთან მიერთების მოწინააღმდეგე ტრადიციონალისტები: ცხინვალში რელიგიური კონფლიქტი მწვავდება

“ალანი ხალხის სულიერი დაყოფის მორიგ მცდელობად” აფასებს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამომავალი გაზეთი «Республика» მოვლენებს, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში ვითარდება.

საქმე ეხება ჩრდილოეთ ოსეთის რესუბლიკა - ალანიის ახალგაზრდული პარლამენტის დეპუტატ (პარტია “რუსეთის პატრიოტებიდან”) რომან გაბარაევის მიერ სოცქსელში განთავსებულ  კომენტარს, რომელიც მან ვლადიკავკაზში გამართული ქრისტიანული მსვლელობის მონაწილეთა მისამართით გააკეთა. 

ამ კომენტარის საფუძველზე მართლმადიდებელი ოსური სოციუმის ნაწილმა შევიწროების შესახებ განაცხადა. ვლადიკავკაზისა და ალანიის არქიეპისკოპოსი ლეონიდე ჩრდილოეთ ოსეთის ტელეეთერში სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ «არ დაუშვებს, ოსეთს ცეცხლთაყვანისმცემლობასა და ქვის საუკუნეში აბრუნებდნენ…». ეს პასუხი შეურაცხმყოფელად ჩათვალეს, თავის მხრივ, ტრადიციული ოსური რწმენის მიმდევრებმა. 

ირკვევა, რომ ამმხრივ პრობლემებია ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონშიც. კერძოდ, როგორც გამოცემა აღნიშნავს, “კონსტიტუციაში ტრადიციული ოსური რწმენაც და მართლმადიდებლობაც ოსი ხალხის თვითშეგნების ერთ-ერთ საფუძვლადაა მოხსენიებული, თუმცა აქაც ბოლო წლებში გარეგნული იდილია მხოლოდ მოჩვენებითია, არსებობს საზოგადოების მართლმადიდებლებად და ტრადიციონალისტებად დაყოფის ნეგატიური პრაქტიკა და ტრადიციონალისტებს ხშირად რესპუბლიკის რუსეთთან მიერთების მოწინააღმდეგეებად წარმოაჩენენ”. 

«ოსეთში ვერც ბიზანტიურმა და ქართულმა მართლმადიდებლობამ მოიკიდა ფეხი, რომელსაც შუა საუკუნეებში ავრცელებდნენ, ვერც ისლამმა, რომელიც აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან შემოჰქონდათ, ვერც რუსულმა მართლმადიდებლობამ, რომელიც პოლიციური მეთოდებით ითესებოდა. ოსები დღემდე მისდევენ წინაპრების რწმენას... ამიტომაც არ უმხედრდებოდნენ და უმხედრდებიან  მომხდურების სიცილისმომგვრელ მუშაობას საკუთარი რელიგიის დასათესად. დაე, აშენონ ტაძრები და გვიგზავნონ სასულიერო პირები, რომლებიც ღმერთის სახელით ათას სისულელეს ქადაგებენ, - ეს ხელს ვერ შეუშლით ოსებს, სამყაროში ღმერთის ხელთუქმნელი ტაძარი დაინახონ, ხოლო საკუთარ მითოლოგიაში  საუკეთესო ხელმძღვანელი და შთამგონებელი განჭვრიტონ”, – დასძენს  «Республика».

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს