რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მიმართავს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლაზე განცხადებას ავრცელებს.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ამჯერად შეძლო მის მიერ აღებული ვალდებულების ვადაში შესრულება და წარმოადგინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ხელშეკრულების პროექტი.

უწყება იმედს გამოთქვამს, რომ კონსორციუმი შეძლებს კიდევ ერთი ვადის დაცვას და წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტს 2019 წლის ბოლომდე შეათანხმებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

„ასევე, ვიმედოვნებთ რომ 2019 წლის 15 ოქტომბრისთვის კონსორციუმი წარმოადგენს ბანკებთან საბოლოოდ შეთანხმებულ სესხის პირობებს, კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსებაში მონაწილე ინვესტორებთან მიღწეულ შეთანხმებებს, ხოლო 2019 წლის ბოლოსთვის - პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო 520 მილიონი დოლარით დაფინანსების ხელმოწერილ ხელშეკრულებებს.

ამასთან, გვინდა გამოვეხმაუროთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელთა შემადგენლობიდან „კონტი ჯგუფის“ გასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და საზოგადოებას შევახსენოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2014 წლის 5 აგვისტოს გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის (ტენდერის) ძირითადი და აუცილებელი პირობები.

ტენდერის პირობების მიხედვით, პროექტის განხორციელებას საქართველოს მთავრობა ანდობდა იმ პრეტენდენტ კომპანიას, რომელიც დააკმაყოფილებდა ორ ძირითად მოთხოვნას: ექნებოდა ანალოგიური პორტის აშენებისა და მართვის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება და მსგავსი პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი ფინანსური მდგომარეობა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შემავალი კომპანიებიდან ერთადერთი კომპანია, რომელიც აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებს იყო სწორედ ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“. შესაბამისად, შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ტენდერში გამარჯვება განაპირობა კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ მონაწილეობამ.

საზოგადოების ყურადღება არა ერთხელ გამახვილდა იმაზე, რომ სამწუხაროდ, ტენდერში გამარჯვების შემდეგ „კონტი ჯგუფი“ არ ყოფილა ჩართული პროექტის განხორციელებაში. კონსორციუმში 42 პროცენტიანი წილის ფლობის მიუხედავად, "კონტი ჯგუფს" არ მიუღია მონაწილეობა არც პროექტის დაფინანსებაში, არც კონსორციუმის 120 მილიონ დოლარიანი საკუთარი კაპიტალის შევსებაში, არც დაფინანსების მოძიების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში.

ყოველივე ეს სერიოზულ ეჭვებს იწვევდა „კონტი ჯგუფის“ პროექტში რეალურად არსებობის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2018 წლის 6 დეკემბერს "კონტი ჯგუფის" პრეზიდენტმა კურტ კონტიმ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვა.

საყურადღებოა ისიც, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" განცხადება "კონტი ჯგუფის" პროექტიდან გასვლის თაობაზე გაკეთდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამინისტრომ ოფიციალური მიმართვით მოუწოდა კონსორციუმის ყველა დამფუძნებელს, მათ შორის "კონტი ჯგუფს", პროექტის დაფინანსების კუთხით არსებული გამოწვევების გადასაჭრელად, მეტი მხარდაჭერისა და ჩართულობისაკენ.

ვითარების იმდაგვარად წარმოჩენა, თითქოს "კონტი ჯგუფის" გასვლის შემდეგ, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, არ შეესაბამება რეალობას.

ანაკლიის პროექტის განხორციელება შეუძლებელია მსგავს პროექტებში გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი სტრატეგიული ინვესტორის გარეშე, რაც ნათლად ჩანს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მაგალითზე.

სწორედ კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ ფორმალური მონაწილეობის და რეალური სტრატეგიული ინვესტორის თავიდანვე არ არსებობის გამო, 2017 წლიდან დღემდე დაფინანსების მოპოვების ვადების არაერთჯერადი გადავადების და მთავრობის მხრიდან უპრეცენდენტო მხარდაჭერის მიუხედავად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დღემდე არ აქვს მოზიდული საკუთარი კაპიტალი, არ აქვს წარდგენილი ბანკებისთვის ტვირთბრუნვის და სესხის სრული უზრუნველყოფის გარანტიები და არ აქვს მიღწეული შეთანხმება ბანკებთან სესხის მიღების თაობაზე.

ამდენად, მოვუწოდებთ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა კონსორციუმის 42%-იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია "კონტი ჯგუფის" ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.


ცნობისთვის: ანაკლიის კონსორციუმი ამერიკულმა "კონტი–ჯგუფმა" (Conti International LLC) დატოვა. ცნობა თავად კონსორციუმშიც დაადასტურეს. "აქცენტის" ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გახდა. კერძოდ, ის გარემოება, რომ მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკისა, რომ ისინი მხარს უჭერენ პროექტს და კონსორციუმს. 


"რიტორიკა მხოლოდ რიტორიკად რჩება: ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლებისგან პროექტის მიმართ მხარდაჭერა ვერ იგრძნო და გადაწყვეტილებაც მიიღო",– აცნობა "აქცენტს" ინფორმირებულმა წყარომ.    


ცნობისთვის: ანაკლიის პორტის ინვესტორი ბანკების მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი 8 მთავარი მოთხოვნიდან 7 შეთანხმდა, თუმცა შესათანხმებელი  დარჩა მხოლოდ ერთი და როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმში განმარტავენ, პრინციპული საკითხი ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევის შესახებ: პორტის ინვესტორი ბანკები ითხოვენ, “სახელმწიფომ დააზღვიოს ის სხვაობა, რაც დააკლდება კონსორციუმს, რომ ბანკებს გადაუხადოს სესხი გრაფიკის მიხედვით. მთავრობამ ეს თანხა უნდა ასესხოს კონსორციუმს, ხოლო კონსორციუმმა უნდა გადაუხადოს ბანკებს. ბანკების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კონსორციუმმა უნდა გაისტუმროს ეს სესხი, შემდეგ სუბორდინირებული სესხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ კონსორციუმის ინვესტორები მოგებას პორტიდან”, თუმცა ამ პუნქტს საქართველოს მთავრობა არ სთანხმდება.


გარდა ამისა, პრობლემურ საკითხს დაერთო კონსორციუმის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც. ცნობილია, რომ მათ 11 წლის წინანდელ ეპიზოდთან დაკავშირებით ფულის გათეთრებას ედავებიან და ამ დროისთვის გირაოს პირობებში იმყოფებიან. თავად ბრალის წარდგენის ფაქტს კრიტიკული შეფასებები მოჰყვა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან, განსაკუთრებით კი აშშ–ისა და საფრანგეთის საელჩოებიდან. მათ განაცხადეს, რომ ბრალის წარდგენის დრო და გარემოებები შეშფოთებას იწვევს, საფრანგეთის ელჩმა კი აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები საქართველოს მიმზიდველ ქვეყნად არ წარმოაჩენს. თავად ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეაფასეს. კერძოდ, მათი განმარტებით, თავად ამ სადავო ეპიზოდთან დაკავშირებით ინფორმაციის გაჟღერებამ გაართულა ინვესტორებთან მოლაპარაკებები, ხოლო ბრალის წარდგენის შემდეგ ინვესტორებთან დალაგებული ურთიერთობები ისევ საწყის წერტილზე დაბრუნების საფრთხის წინაშე დგება.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ