ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს საპარლამენტო ასამბლეაში დასაბრუნებლად გზას უხსნის

ჰელსინკიში დღეს გამართულ შეხვედრაზე ევროპის საბჭოს 30 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს საპარლამენტო ასამბლეაში დასაბრუნებლად გზას უხსნის.

კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა წევრ სახელმწიფოს თანაბარი უფლება უნდა ჰქონდეს, მონაწილეობა მიიღოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში; მიესალმებიან, ყველა წევრი სახელმწიფოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო ასამბლეის ივნისის სესიაში; წევრი სახელმწიფოების ერთ-ერთი ფუნდამენტური ვალდებულებაა, საერთო ბიუჯეტში საწევრო გადაიხადოს.

ცნობისთვის: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების გადაწყვეტილებას საქართველომ, უკრაინამ, პოლონეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და გაერთიანებულმა სამეფომ მხარი არ დაუჭირეს.

რუსეთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი 1996 წლიდან არის, მაგრამ მოსკოვსა და  ორგანიზაციას შორის ურთიერთობები გაუარესდა მას შემდეგ, რაც საბჭომ რუსეთს ხმის მიცემის უფლება შეუწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსკოვის მიერ 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას მოჰყვა. მოგვიანებით რუსეთმა ორგანიზაციაში წლიური საწევროს შეტანა შეაჩერა (37 მილიონი დოლარი), რაც სტრასბურგში დაფუძნებული ორგანიზაციის ბიუჯეტის 7%-ს უდრის.

უცხოური მედიის ინფორმაციით, რუსეთისთვის სასანქციო რეჟიმის მოხსნის მთავარი მომხრე გერმანია იყო, რომელსაც საფრანგეთი და რიგი სხვა ქვეყნები უჭერენ მხარს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რამდენი და რა კატეგორიის დანაშაულისთვის მსჯავრდებულები შეიწყალა ზურაბიშვილმა ცხრა თვის განმავლობაში