„ახლა ჩემს შვებულებაზე საუბარი მეორეხარისხოვანია, მთავარია, ის რვა გატაცებული ბიჭი დროზე გამოვიყვანოთ“

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა, სადაც ოკუპანტებმა ცოტა ხნის წინ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.

ოკუპანტებთან გასაუბრების შემდეგ გორის მერმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა:

„ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ სიტუაციის ყურება, ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი. მათთან მივედი, დაველაპარაკე, რომ ეს არის უკანონობა და რატომ აკეთებენ ასეთ რამეს ჩვენს მიწაზე, მაგრამ ამაზე მათ პასუხი არ გამცეს, პირიქით, ზურგი შემაქციეს. უბრალოდ, ჩემი მოწოდება ეს იყო, რომ გაეჩერებინათ ახლავე და უკან წაეღოთ ეს, რასაც აკეთებენ. მაგრამ, ისევ ვიმეორებ, მათ ამაზე პასუხი არ გამცეს. ერთი ის მითხრეს, რომ ჩვენ ვასრულებთ ბრძანებასო. მე მთელი დღის განმავლობაში აქ ვიქნები და ვეცდები ყველაფერი გავაკეთო, რომ არ მოხდეს ასეთი უკანონობები. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეჩერდეს ეს პროცესი და მომავალში აღარ იყოს ე.წ. ბორდერიზაცია და სულ მალე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მავთულხლართები აღებული იქნება“.

კითხვაზე, რატომ გააგრძელა შვებულება მაშინ, როცა გუგუტიანთკარში ადგილობრივები მასთან შეხვედრას ითხოვდნენ, მერმა განაცხადა:

„ისევ ვიმეორებ, რომ მე აქ მიმდინარე მოვლენებზე საქმის კურსში ვიყავი. ყველანაირი ინფორმაცია მქონდა. ეხლა დავბრუნდი და შევუდექი ჩემს საქმიანობას. ეხლა ჩემს შვებულებაზე საუბარი მეორეხარისხოვანია, მთავარია, ის რვა გატაცებული ბიჭი დროზე გამოვიყვანოთ“.

მისივე თქმით, ოკუპანტებს არ უთქვამთ მისთვის რა მიმართულებით გააგრძელებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, თუმცა განუცხადეს, რომ „წყლის რეზერვუარს ჩვენ არ შევეხებითო“.

ცნობისთვის: მაშინ როცა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი განაგრძეს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი შვებულებას აჭარის რეგიონში, კერძოდ გონიოშო ატარებდა.16 აგვისტოს მან შიდა ქართლის ადგილობრივ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ გუგუტიანთკარში შვებულების დასრულების შემდეგ ჩავიდოდა.

გუგუტიანთკარში ოკუპანტები დღესაც გამოჩნდნენ. მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.

შეგახსენებთ, რომ 17–18 აგვისტოს ოკუპნატებმა საქარტვეოს 8 მოქალაქე გაიტაცეს.  დაკავებულები ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩებიან. მათ დე ფაქტო საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებიან. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, საწინააღმდეგო გადაწყვეტილების რესურსი არ არსებობს"