“სოხუმის აეროპორტის გახსნას, სულ მცირე, წელიწადნახევარი დასჭირდება, რუსეთთან საზღვაო კავშირის აღდგენას - ერთი"

სოხუმის აეროპორტის ექსპლუატაციაში გაშვებას სულ მცირე, 1,5 წელი დასჭირდება, რუსეთთან საზღვაო მიმოსვლის დაწყებას - ერთი. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა და მომავალი “პრეზიდენტობის” ერთ-ერთმა კანდიდატმა რაულ ხაჯიმბამ  სომხური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

სოხუმის ვლადისლავ არძინბას სახელობის აეროპორტის  ამოქმედებასა და რუსეთთან საზღვაო კავშირზე ოკუპირებულ რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა საუბარი, თუმცა იდეა იდეად რჩებოდა. ახლა, წინასაარჩევნოდ მოქმედმა დე ფაქტო ხელისუფლებამ ეს საუბრები კვლავ გაააქტიურა, რაც ოპოზიციამ “მორიგ წინასაარჩევნო პიარად” ჩაუთვალა. თუმცა ხაჯიმბა ბრალდებას უარყოფს, არგუმენტად იმას ასახელებს, რომ  არჩევნებამდე ვერც ერთი ესწრება, ვერც მეორე და ოპოზიციის ელექტორატს რუსული დელეგაციის ვიზიტითაც აიმედებს.

იხილეთ ასევე: სოხუმის აეროპორტის პერსპექტივა

აფხაზური ცის  რუსული გასაღები

«რაც შეეხება აეროპორტს, ჩემი ოპონენტების მხრიდან მესმის ხმები, “ხაჯიმბამ ამ საქმეს არჩევნებამდე 20  დღით ადრე მოჰკიდა ხელიო”… მინდა, გითხრათ, რომ ეს არავითარი წინასაარჩევნო პიარ-სვლა არაა, ამას დრო დასჭირდება – სულ მცირე, წლიწადნახევარი. თუმცა  ეს უკვე შეუქცევადი პროცესი იქნება. პირადად მაქვს მიღებული მტკიცე დასტური რუსეთის პირველი  პირისაგან, რომელიც ამ საქმეში მხარს გვიჭერს. გვაქვს ინვესტორის მხარდაჭერაც. არა მგონია, ჩვენში არსებობდეს ადამიანი,  რომელიც გულგრილი იქნება ამ იდეის მიმართ. საუბრები “აეროპორტი არ იქნებაო” სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური თამაში,  რომელიც საზიანოა ჩვენი ქვეყნისათვის. რაც შეეხება საზღვაო კავშირის აღდგენას, აფხაზეთში უკვე ჩამოსულია რუსეთიდან პირველი დელეგაცია  ამ საკითხის განსახილველად და ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალი წლისთვის ამ მხრივ უკვე სრულიად განსხვავებული ვითარება გვექნება» - განაცხადა ხაჯიმბამ.

როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის 19 თებერვალს სოჭში ე.წ. სახელმწიფო კომპანია «Абхазское морское пароходство»-სა და შპს «Черноморские круизы»-ს შორის გაფორმდა შეთანხმება აფხაზურ და რუსულ პორტებს შორის საკრუიზო მიმოსვლის შესახებ. ჩამოყალიბდა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფიც. მიმდინარე  წლის 3 აგვისტოს კი გაფორმდა ე.წ.  საგზაო რუქა, გაიწერა შემდგომი ნაბიჯების გეგმა და უკვე ოქტომბერში სატესტო რეჟიმში სოხუმის პორტში ხომალდი «Князь Владимир» უნდა შევიდეს.

თუმცა  გადასაჭრელი რჩება რიგი საკითხები, როგორიცაა, მაგალითად, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხომალდების ე.წ. სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი, ასევე საზღვაო ტურისტებისთვის ე.წ. სასაზღვრო კონტროლის გამარტივება.

რუსული მხარე ამ უკანასკნელს ყველაზე რთულად გადასაჭრელად მიიჩნევს, თუმცა ირწმუნება, რომ მხარეებმა “გარკვეული გამოსავალი გამონახეს”.

«Князь Владимир» ამჟამად მარშრუტით სოჭი-ნოვოროსიისკი-იალტა-სევასტოპოლი-სოჭი მოძრაობს, თუმცა საკმაოდ ბევრი გამოთქვამს სურვილს, მარშრუტი სოხუმამდე გაგრძელდეს. ძალზე სასიამოვნოა, რომ აფხაზური მხარე სოხუმის პორტის აკვატორიის მომზადების კუთხით განსაზღვრულ ვადებს უსწრებს. ოქტომბერში სატესტო რეისს ვგეგმავთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ აკვატორიაცა და თავად პორტიც მზადაა. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, მომავალი წლიდან სოხუმის პორტში დაახლოებით ხუთი შესვლის განხორციელება დავიწყოთ. საშუალო დატვირთვა დაახლოებით 600-700 ადამიანია. თუ  ტრანსპორტის ამ სახეობით სარგებლობის მსურველთა რაოდენობა მეტი იქნება, რეისების რაოდენობას გავზრდით. რაც შეეხება მგზავრებისთვის სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურის გამარტივებას, ეს ყველაზე რთული თემაა, თუმცა ჩვენ გარკვეული გამოსავლის მოძებნა მოვახერხეთ» - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საზღვაო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ზაქარია  ჯიოევმა.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით იანვარ-აგვისტოში რუსეთი ლიდერობს