საქართველოში ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელების მხარდაჭერის შესახებ პროექტის მიმდინარეობა განიხილეს

სასტუმროში „Holiday Inn“ გამართულ შეხვედრაზე შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს  (SIDA) პროექტის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. აღნიშნული პროექტი საქართველოში ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელების მხარდაჭერასა და შესაძლებლობების ზრდას ითვალისწინებს.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და შვედეთის საელჩოს საქართველოში, შვედეთის განვითარების სააგენტოსა და შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოს  გარემოს დაცვის სფეროში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების განხორციელება გარემოს დაცვის სფეროში ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს. ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას ნარჩენების მართვის კუთხით განხორციელებულ პროექტებში. სასწავლო ტურების ფარგლებში შვედეთის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვნად დაეხმარა სამინისტროს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კანონქვემდებარე აქტების, სახიფათო ნარჩენების ეროვნული სისტემისა და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებაში“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოსთან ნარჩენების მართვის სფეროში თანამშრომლობით განხორციელებული მიმდინარე პროექტი ფოკუსირებულია სახიფათო და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების ეფექტიანად მართვაზე და შესაბამისი დაინტერესებული საჯარო და კერძო სექტორის შესაძლებლობის გაძლიერებაზე.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის ორგანიზაციის, შპს თბილსერვის ჯგუფისა და შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რომელი ქუჩები დარჩება 19 სექტემბერს უშუქოდ