ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლებს კვლავ “ლუგარით” აშინებენ

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლებს კვლავ ლუგარის ლაბორატორიით აშინებენ.

სწორედ თბილისში მოქმედ კვლევით ლაბორატორიას დაუკავშირა ადგილობრივ გამოცემა «Южная Осетия Сегодня»-სთან ინტერვიუში დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელმა იური ვაზაგოვმა ბოლო წლების სხვადასხვა ეპიდემიები.

«ბოლო წლებში რეგიონის ქვეყნები არაერთგზის შეეჩეხნენ ნოდულარული დერმატიტის, ე.წ. ღორის ჭირის, წითელას მოდიფიცირებული ვირუსის ეპიდემიებს, ასევე გენმოდიფიცირებული ფაროსანას გავცელებას. ამ ყველაფერს შემთხვევითობად ნამდვილად ვერ ჩავთვლით. რეგიონის სხვა ქვეყნებზე, მაგალითად სომხეთზე, თურქეთზე, აზერბაიჯანზე, რომლებიც მსგავს კლიმატურ ზონაში იმყოფებიან, ნაკლებად გვესმის, რომ მათი ტერიტორიებიდან რაღაც ეპიდემიები ვრცელდებოდეს», – განაცხადა ვაზაგოვმა.

მისივე თქმით, “მსგავსი ობიექტების შემქმნელების ძირითადი ამოცანა კავკასიის რეგიონისა და რუსეთის სამხრეთისთვის სოფლის მეურნეობის ყველაზე პერსპექტიული დარგების განადგურება და შესაბამისი ქვეყნების იძულებაა, საფრთხესთან საბრძოლველად ეკონომიკური პრობლემების პირობებში უზარმაზარი სახსრები ხარჯონ”.

ცნობისთვის: თბილისის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის თემას კრემლი ანტიქართული პროპაგანდისთვის პერიოდულად იყენებს. და ეს - მიუხედავად არაერთი საერთაშორისო დასკვნისა და ლაბორატორიაში ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური თუ სამეცნიერო ექსპედიციისა, რომლებმაც მასში საშიში და საზიანო ვერაფერი გამოავლინეს.  პირიქით.

ასე, მაგალითად, ექსპერტთა 23-კაციანმა საერთაშორისო ჯგუფმა ერთხმად განაცხადა, რომ ეს ლაბორატორია "აბსოლუტურად გამჭვირვალეა, მოქმედებს საერთაშორიო სტანდარტების პრინციპით და, რაც მთავარია, მასში გარდა ლაბორატორიულისა (რომელიც საჭიროა დაავადებათა პრევენციისთვის, ადრეული გამოვლენისთვის, ადამიანთა დაცვისთვის), სხვა სამუშაოები არ წარმოებს“.

რუსული პოლიტიკური ელიტისა და სახელმწიფო უწყებების ბოლოდროინდელი განცხადებების პირველწყაროდ ყოფილი ქართველი მინისტრი იგორ გიორგაძე სახელდებოდა, თუმცა მანაც BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში "ადამიანებზე ექსპერიმენტების წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვს". 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტობა" მიულოცა