აფხაზეთთან დე ფაქტო საზღვარზე შეზღუდვების მოხსნის დრო კვლავინდებურად უცნობია

აფხაზეთთან დე ფაქტო საზღვარზე მოქმედი შეზღუდვების მოხსნის დრო კვლავინდებურად უცნობია.

საუბარია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ივნის-ივლისის პერიოდში თბილისში განვითარებული ცნობილი მოვლენების (ე.წ. გავრილოვის ღამისა და შემდგომი პერიოდი) საბაბით დაწესებულ შეზღუდვებზე.

როგორც გალის ოკუპირებულ რაიონში გამომავალ გაზეთ «Мырзаканаа»-სთან ინტერვიუში რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ განაცხადა, “შეზღუდვების რეჟიმი ეხება 16-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებსა და პირებს, რომლებიც საქართველოდან აფხაზეთში ვიზებით შედიოდნენ, ყველა დანარჩენისთვის კი გადაადგილება თავისუფალია”.


რაც შეეხება ამ რეჟიმის მოხსნის თარიღს, როგორც ნადარაიამ აღნიშნა, «ეს რეჟიმი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე იქნა შემოღებული და მისი გაუქმების დროც ამ უწყების გადასაწყვეტია”.

ამასთან, ნადარაიამ კმაყოფილება გამოთქვა დე ფაქტო საზღვარზე “დარღვევების” რაოდენობის მრავალჯერადი კლების გამო:

“ხუთი წლის წინ, მაგალითად, რუსი მესაზღვრეები 3000-ზე მეტ დამრღვევს აკავებდნენ. სადღეისოდ სახეზე გვაქვს მსგავსი შემთხვევების  15-ჯერადი კლება. 2019 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში სულ 89 პირი დააკავეს. ეს დიდ პროგრესზე მეტყველებს. იგი განპირობებულია აფხაზეთის პრეზიდენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, გაეფართოებინათ საზღვრისპირა ზონა, რაც საზღვრის დამრღვევების ადრეულ სტრადიაზე გამოვლენის შესაძლებლობას ქმნის. გარდა ამისა, რუსმა მესაზღვრებმა ჯარიმების ოდენობა გაზარდეს და სხვა კომპლექსური ღონისძიებები ჩაატარეს. შედეგი უკვე სახეზეა” - დასძინა ნადარაიამ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
iOS 13-ის განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა შექმნა