საქართველოს მთავრობა: „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ უქმდება“

საქართველოს მთავრობის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უქმდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ „აქცენტს“ საქართველოს მთავრობაში განუცხადეს. მათივე თქმით, შესაბამისი ინფორმაცია მთავრობას არ გაუვრცელებია. 

"გუშინ, 19 აგვისტოს მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს ყალბი დოკუმენტი გარემოს დაცვის რეფორმის შესახებ.

როგორც ჩანს, აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავდა მთავრობის დისკრედიტაციას და წარმოადგენდა პროვოკაციას, რომელსაც, სამწუხაროდ, წამოეგო კიდეც ზოგიერთი გამოცემა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური მუდმივ კოორდინაციაშია მედიასაშუალებებთან და კოლეგებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ან/და გადაამოწმონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართია pressoffice@gov.ge. ვთხოვთ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, იხელმძღვანელონ მხოლოდ აღნიშნული მისამართიდან მიღებული ინფორმაციით, ნუ დაეყრდნობიან ყალბ დოკუმენტებს და ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას" - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.  

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის სახელით  ელექტრონულ ფოსტაზე დაიგზავნა ინფორმაცია, თითქოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება, რის ფარგლებშიც აღნიშნული სამინისტრო უქმდება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხატია წილოსანი თელავის მუნიციპალიტეტში ქალ მეღვინეებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობას გაეცნო