გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. შეიარაღებული ჯარისკაცები ადგილზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ. შაბათ-კვირის შესვენების შემდეგ, უკვე ორი დღეა დე ფაქტო საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების, მავთულხლართებისა და რკინის ბოძების დამონტაჟება, აქტიურად მიმდინარეობს. 

ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცველებიც.

გუგუტიანთკარში დღეს პირველად ჩავიდა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული. გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილზე ეცნობა შექმნილ ვითარებას. 

„რუსეთი ოკუპანტია და ეს პროცესი ამისი ერთ-ერთი დადასტურებაა. რუსეთი დამატებით ახდენს ჩვენი მიწების ოკუპაციას, რაც შეეხება მოსახლეობას, ჩვენ მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ და ვიცით ყველაფერი რაც სჭირდებათ“, -აცხადებს გუბერნატორი. 

რაც შეეხება 17–18 აგვისტოს რუსი ოკუპანტების მიერ, სოფელ ახალუბნიდან და მეჯვრისხევიდან გატაცებულ საქართველოს 8 მოქალაქის ბედს, გუბერნატორის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს დაკავებულების გასათავისუფლებლად.  

ცნობისთვის: ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი 7 აგვისტოს დაიწყეს და რამდენიმე დღეში შეწყვიტეს. 15 აგვისტოს კი მავთულხლართების მონტაჟი კვლავ გაგრძელდა.  ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც სამი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების (ორი ოჯახი) სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ევროპულ დემოკრატიაში"